LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შატილის კოშკები თბილისში – ლისის ტბაზე ბიზნესცენტრი აშენდება (+ვიდეო)

1078

„თიბისი ბანკმა“ ახალი სათავო ოფისის და თბილისის ბიზნესი ცენტრის პროექტი წარადგინა. კომპლექსს „თბილისის ბიზნესის ცენტრი“ ერქმევა, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ენერგო-ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო.

„თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც შექმნის მიმზიდველ სამუშაო გარემოს როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. მისი თქმით, ასევე ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის, რომლის ასაშენებლადაც დაახლოებით, 75 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

„ვიწყებთ გრანდიოზულ მშენებლობას. მომავალი წლის აპრილში, ჰოლანდიელი და ესპანელი სპეციალისტებისა და კომპანიების მიერ დაიწყება ბანკის სათავო ოფისის მშენებლობა, რომლის გარშემოც განლაგდება თბილისის ბიზნეს ცენტრი. „თიბისი ბანკის“ შენობა 9 კოშკისგან შეიქმნება. ეს იქნება რეგიონში უთანამედროვესი ტექნოლოგიებით აშენებული შენობა – ეკოსისტემასა და განახლებად ენერგიებზე დაფუძნებული და ტექნოლოგიურად ძალიან საინტერესო. ეს არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ, მშენებლობაშიც განსაკუთრებული განაცხადი იქნება. 2 წელიწადში ლისის მიდებარე ტერიტორიაზე საზეიმო გახსნა გვექნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. მან შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შექმნა. ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, გაიხსნება რესტორნები.

პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და გათვლილია 2000 ადამიანზე, ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის.  კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზებას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება სივრცეების გამოყენება შეხვედრებისთვის, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის.

პროექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

თუ როგორი იქნება ბიზნესცენტრი შატილის კოშკებით, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლში: 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები