LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეღავათების მიუხედავად, კომპანიებს მთაში ბიზნესის დაწყების ინტერესი ჯერ არ გასჩენიათ

43

“მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ” კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის შემდეგ, კომპანიებს მთაში ბიზნესის დაწყების დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ.

როგორც რეგიონების გუბერნატორებმა ,,ფორტუნასთან” საუბრისას განაცხადეს, მეწარმეთა გააქტიურება გაზაფხულისთვის არის მოსალოდნელი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის ინფორმაციით, ეს მუშა პროცესია და რეგიონში შედეგებს ცოტა მოგვიანებით ელიან.

,,კანონის ძალაში შესვლიდან მხოლოდ 2 კვირაა გასული. ჯერჯერობით, დაინტერესებული პირების სიმრავლე არ ჩანს. ვვარაუდობთ, რომ შეღავათებით სარგებლობის მსურველები მარტის დასაწყისიდან გამოიკვეთებიან. საგადასახადო შეღავათებები ძალიან დიდია და მთაში ბიზნესის დაწყების მსურველებს დიდი ხელშეწყობა ექნებათ”, – მიიჩნევს აკაკი მაჭუტაძე.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთში დიდი პოტენციალი ექნება ხის გადამამუშავებელ და ავეჯის საწარმოებს.

შეღავათებით სარგებლობის მსურველთა სიმრავლე არ შეინიშნება არც რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში.

როგორც მხარის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ ,,ფორტუნას” განუცხადა, გადამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით გარკვეული აქტივობები შეინიშნება – იგეგმება ლორის და ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გაკეთება, თუმცა უფრო მეტი მსურველის გამოჩენას პაპუნა მარგველიძე გაზაფხულისთვის ვარაუდობს.

,,ამ შეღავათების შესახებ, გაზაფხულამდე კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ცნობილი. ვვარაუდობთ, რომ ეს ბევრი ადამიანის დაინტერესებას გამოიწვევს. აქტივობები შეინიშნება მოსახლეობის მაღალმთიან რეგიონებში დაბრუნების კუთხითაც”, – აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.

მისივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობაა და გუბერნატორი მეწარმეთა აქტივობასაც სწორედ ამ მიმართულებით ელის.

,,ჩვენს მხარეში უნიკალური ჯიშის ყურძენი მოდის, რომლისგანას უნიკალური სახეობის ღვინო მზადდება. ამ მიმართულებით, საკმაოდ დიდი პროგრესია. ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ვენახი გაშენდა. წელს ექსპლუატაციაში შევა ღვინის ახალი ქარხანაც. რეგიონში ასევე პერსპექტიულია მეხილეობა, მეფუტკრეობა და მეცხოველეობის მიმართულება”, – განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია ტურიზმიც.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული კანონის თანახმად,  მეწარმეს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდება და ამ საწარმოს საქმიანობით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო არ დაუბეგრავს.

სტატუსის მინიჭების შემდეგ, მაღალმთიანი დასახლების საწარმო 10 წლის მანძილზე არ გადაიხდის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადს.