LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა 13 ივნისი განმეორდეს – მთაწმინდაზე მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

178

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია მთაწმინდის ქედის განადგურების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

ასოციაციაში ამბობენ, რომ გარდა ქალაქის იერსახის დამახინჯებისა, მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს უქმნის ირგვლივ მცხოვრებ მოსახლეობას, იწვევს საგზაო მოძრაობის პარალიზებას და ა.შ.

“განადგურებულია მთაწმინდის ქედის ნაწილი, გამონგრეულია კლდის დიდი მასა, მამადავითისა და მთაწმინდის პანთეონის ძირში ჭონქაძის ქუჩაზე, კორპუსის აშენების მიზნით.

რამდენიმე წლის წინ,ამ ადგილიდან 400 მეტრის დაშორებით ჩამოწვა მეწყერი და გაანადგურა ბენზინგასამართი სადგური, დაიხოცნენ ადამიანები.

კორპუსის აშენება ჭონქაძის ქუჩაზე გამოიწვევს საგზაო მოძრაობის პარალიზებას, რის გამოც შეუძლებელი გახდება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისის მიწოდება იქ მყოფი მოსახლეობისთვის.

მოვითხოვთ მოსახლეობისათვის საშიში მშენებლობის შეჩერებას და კლდის გამაგრებითი სამუშაოების წარმოებას.

სამწუხაროდ, ქალაქის იერსახეზე მსჯელობა და ის რომ კორპუსები მამადავითის ეკლესიას ჩამოეფარება მეასე ხარისხოვანი გახდა, სხვა სასიცოცხლო საფრთხეების ფონზე”, – ვკითხულობთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაცია ასევე, მდინარე ვარაზისხევის ჩახერგვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

განცხადებაში ნათქვამია, ჩახერგვის შედეგად შესაძლოა მოხდეს დაგუბებული წყლის ერთდროულად გადმოდინება, მსგავსად 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა, რაც განადგურებით ემუქრება ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს.

“SOS! მშენებლებმა ჩახერგეს მდინარე ვარაზისხევი!
მეგობრებო, ეს, მდინარე ვარაზისხევის გვირაბია, რომელიც ჯერ გადის ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს, ხოლო შემდეგ ვარაზისხევისა და გმირთა მოედნის გავლით მტკვარს უერთდება. დღეს, მიმდინარეობს მთაწმინდა კუს ტბის გამყოფი ქედის ნგრევა მრავალსართულიანი კორპუსების აშენების მიზნით.

მშენებარე მრავალსართულიანი სახლებიდან ზემოთ, 100-120 მ-ის დაშორებით, მდ. ვარაზისხევის ძირი ჩაკეტილია კლდოვან სუბსტრატზე გათხრილი საძირკვლებიდან ამოღებული ათეული ათასობით მ3 მოცულობის ნაშალი მასალის მძლავრი ჯებირით.

აღნიშნული ჯებირი აუცილებლად გამოიწვევს ძლიერი, თავსხმა წვიმების დროს წარმოქმნილი ნიაღვრების შეტბორვას. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯებირის უეცარი გარღვევა და მის ქვემოთ განლაგებული საცხოვრებელი სახლების ნგრევა-დაზიანება. ჯებირის ქვეშ მოწყობილი 2.6 მ დიამეტრის წყალგამტარი გვირაბი ნიაღვრების მოვარდნის შემთხვევაში თავისუფლად ამოიქოლება ნაშალი მასალით და წყალს ვერ გაატარებს.
ექსპერტების აზრით, შესაძლოა მოხდეს დაგუბებული წყლის ერთდროულად გადმოდინება, მსგავსად 2015 წლის 13 ივნისის სტიქიისა, რაც განადგურებით ემუქრება ჟვანიასა და კეკელიძის ქუჩებს. შეაჩერეთ!”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები