LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა თუ არა მარტივი ვირუსული ინფექცია გართულდეს ფილტვების ანთებით

260

შესაძლოა თუ არა მარტივი ვირუსული ინფექცია გართულდეს ფილტვების ანთებით.  გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მშობლებისთვის ამ ყველაზე საინტერესოს თემას „გაგუას კლინიკის” პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელმა, პედიატრმა ნინო კამკამიძემ უპასუხა.

 დავიწყოთ საუბარი ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციაზე, რა სახით შეიძლება ის გამოვლინდეს?

სეზონური ვირუსები ყოველწლიურად არის, მაგრამ განსაკუთრებით საშიშია ჩვილობის ასაკი, 6 წლამდე ასაკი, რისკ ჯგუფის ბავშვები, ახალშობილები, დღენაკლულები, ქრონიკური პრობლემების მქონე ბავშვები, სასუნთქი სისტემის განვითარების მქონე ანომალიების, პასიური მწველი ბავშვები და ა.შ. სეზონური ვირუსი უამრავია, ადენო ვირუსი, გრიპის ვირუსი და ა.შ. ვირუსული დაავადება უფრო ხშირად თვითგანკურნებადია, საჭიროა ჰიგიენა და გამოვლენილი სიმპტომების სწორი მართვა. რითი ვლინდება სეზონური ვირუსი – სურდო, ცრემლდენა, ხველა, უსიამოვნო შეგრძნება ცხვირ-ხახის არეში, ყლაპვის გაძნელება და ცხელება. ეს სიმპტომები უფრო რთულად არის გამოხატული გრიპის ვირუსის შემთხვევაში, არის მაღალი სიცხე, შეიძლება იყოს თავისა და სახსრების ტკივილი და უფრო მეტია პნევმონიის განვითარების რისკიც. სეზონური ვირუსებისგან შეგვიძლია გამოვყოთ რინოსინსიდიალური ვირუსი, რომელიც ბრონქიოლიტით უფრო რთულდება, ვიდრე პნევმონიით. ვირუსის მართვა შეიძლება ბინის პირობებშიც, მაგრამ არა ახალშობილობის პერიოდში. სიმპტომების გამოვლენისთანავე ექიმმა უნდა შეაფასოს, თუ სად უნდა მოხდეს მისი მკურნალობა. დაბადებიდან პირველი 48 დღე ერთი სიმპტომიც კი საჭიროებს სტაციონარის პირობებში დაკვირვებას, რადგან ანატომიური სიმცირის გამო ინფექციის გავრცელება ძალიან სწრაფად ხდება და ბინაზე დაყოვნება სწორი არ არის.

 ჩვილებზე მინდა გკითხოთ, უნდა მოვარიდოთ თუ არა 6 თვემდე ასაკის პატარები უფროსებს, რომლებიც შესაძლოა, ვირუსის მატარებლები იყვნენ?

სასურველია მოვარიდოთ ადამიანებს, იმიტომ რომ ვირუსული ინფექცია არის ჰაერწვეთოვანი. შეიძლება იყოს ვირუსის მატარებლობა, მაგრამ კლინკური გამოვლენა არ ქონდეს. ვინაიდან რადგან ჰაერწვეთოვანია ინფექცია, განსაკუთრებით სახის ახლოს მიტანის დროს შესაძლოა ბავშვი დაინფიცირდეს. მე ჩემს პაციენტებს ასე ვეუბნები ხოლმე, უხერხულია სტუმარს უთხრა ხელი დაიბანოს, სახე ახლოს არ მიიტანოს და ა.შ. თქვით, რომ გყავთ მკაცრი ექიმი, რომელიც გიკრძალავთ სტუმრიანობას ახალშობილობის პერიოდში. იგივე, უფროსი და-ძმის მყოლე ახალშობილები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან.

ახასიათებს თუ არა ფილტვების ანთება რაიმე ისეთი სიმპტომი, რაც მას სხვა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისგან განასხვავებს?

ფილტვების ანთება სერიოზული ავადობაა, რომლის სიმპტომატიკა პირველ რიგში სუნთქვის მექანიკის დარღვევას გულისხმობს. ხდება სუნთქვის სიხშირის მომატება. ყველა ასაკში სუნთქვის სიხშირეს თავისი ნორმა აქვს. მაგალითად, ახალშობილისთვის სუნთქვის სიხშირის ზედა ზღვარი არის 60-მდე, თუ სუნთქვის სიხშირე 60-ს აღემატება, არის უკმარისობა და ეჭვი უნდა მივიტანოთ რომ არის ფილტვების ანთებაზეა საუბარი. თუ გავაკეთებთ სისხლის ანალიზს, მოვისმენთ ფილტვებს, ეს მაინც არ არის საკმარისი, აუცილებელია რენტგენის გადაღება, სხვანაირად დიაგნოზის დასმა არ შეიძლება.

შესაძლოა თუ არა რომ რენდგენოლოგიურმა კვლევამ არ მოგვცეს ზუსტი პასუხი?

სასტარტო კვლევა ყველანაირ ასაკობრივ ჯგუფში არის სისხლის საერთო ანალიზი. არსებობს მარკერებიც, C რეაქტიული და პროკალციტონინის განსაზღვრა, მათი საშუალებით ჩვენ ვარკვევთ, ვირუსულად მიმდინარე პრობლემაა, თუ მიკრობული ფლორა ჩაერთო და მკურნალობის სხვა ტაქტიკაა ასარჩევი. ცუდი გამოსავალი დგება მაშინ, როდესაც ექიმთან მიმართვა არის დაგვიანებული.

ვთქვათ თუ არა ბაღზე უარი თუ პატარა  ხშირად ავადობს ?

ბაღი ისეთი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად გასავლელია, ის ჩვევები, ურთიერთობები, რაც ბაღში ყალიბდება, ვერც დედის და ვერც ბებიების მონდომებით ვერ განვითარდება. ბაღი სოციალურად აყალიბებს ადამიანს. რასაკვირველია, სახლშიც შეიძლება წიგნი წაუკითხო, ასეირნო და ა.შ. მაგრამ თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც ბავშვი ავად არის, ბაღში არ უნდა წაიყვანოს, თუ ბავშვს სურდო აქვს, ახველებს, სიცხე აქვს, რა თქმა უნდა მისი ბაღში წაყვანა არ შეიძლება, რადგან ერთი ბავშვი საკმარისია იმისათვის, რომ სხვა ათი დაავაადოს.

რაც შეეხება ვირუსულ ინფექციას, ინკუბაციის პერიოდიდან გამომჟღავნებამდე არის ჰაერწვეთოვანი და გადამდებია, ის მაქსიმუმ 72 საათი შეიძლება გაგრძელდეს, თავად დაავადების გამომჟღავნება 5-6 დღე მიმდინარეობს. როგორ შეიძლება ბავშვებს დაცულობა შევუქმნათ? რა თქმა უნდა ვაქცინაციით. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში შემოდის გრიპის ვაქცინა, მე ყველა ჩემს პაციენტს ვურჩევდი, რომ გაეკეთებინა ის. ეს არის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის იმდენად დადებით იმუნულოგიურ ძვრებს იწვევს ორგანიზმში, რომ გარკვეულ წილად სეზონურ ვირუსებს დაცულობასაც უქმნის. მართალია ვაქცინაცია 100%-იანი დაცვა არ არის, მაგრამ გარკვეული პროცენტობა, რომ ავადობა მსუბუქად წარიმართოს, ან მართლაცდა საერთოდ არ შეხვდეს, ეს უკვე ძალიან კარგი საქმეა. ვაქცინაციის გარდა ყურადღება უნდა მივაქციოთ პირად ჰიგიენასა და სწორად ჩაცმას. შეიძლება მოხდეს ინფიცირება ჰაერწვეთოვნად, მაგრამ არ დადგეს ავადობის კლინიკური გამოვლინება თუ მას სათანადო პირობები არ შეექმნა – ეს არის გადაციება და გადახურება. საქართველოში ყველას ეშინია გადაციების, მაგრამ რა ზიანის მოტანა შეუძლია გადახურებას, ამაზე არავინ ფიქრობს. ამ დროს ყველა ჩვილი, ადრეული ასაკის ბაღის ბავშვი და სკოლის ბავშვი ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე მოზრდილი ადამიანი. აქტივობის დროს გადახურების რისკი კიდევ უფრო დიდია. როგორც აცვია მოზრდილ ადამიანს და თავს კომფორტულად გრძნობს, იმაზე უფრო თხლადაც შეიძლება ბავშვს ეცვას, რომ გადახურების რისკი არ დადგეს.

მინდა „ბიჭის რეიტუზების“ თემას ცალკე შევეხოთ…

ასეთი შეთავაზება მაქვს ხოლმე ჩემი პაციენტებისთვის, თუ მამა ჩაიცვამს ორ შარვალს, მაშინ ბავშვსაც ჩააცვით „რეიტუზი“.

რა როლს თამაშობს ჰიგიენა ვირუსების პრევენციაში?

ძალიან მნიშვნელოვანია ხელის დაბანა. გარეთ, სადაც ბუნებრივად არის აერაცია და ინსოლაცია, ვირუსის ყველაზე ნაკლები კონცენტრაციაა. დახურული სივრცე ადამიანისთვის არის მტერი და მითუმეტეს ბავშვისთვის, აქ არის ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. უსიცხო სიმპტომატიკისას, ის განცხადება, რომ ბავშვი ავად არის და გარეთ არ გავიყვანოთ და არ ვაბანავოთ, სწორი პოზიცია არ არის. კანი ჩვენს ორგანიზმში არის ყველაზე დიდი გამომყოფი ორგანო და ამიტომ მის სისუფთავესა და განიავებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორი ჩაცმითა და ყოველდღიური აბაზანებით, შეიძლება ტოქსინები ჩამოირეცხოს და დროული გამოჯანმრთელების საწინდარი იყოს.

შესაძლოა თუ არა ისეთი სიმტომის დროული ალაგება, როგორიცაა სპაზმური ხველა?

ხველა არის დაცვითი რეფლექსი ორგანიზმისთვის ქვემო სასუნთქი გზების გასათავისუფლებლად. ხველა ყოველთვის არ მოითხოვს მკურნალობას, ის თვითგანკურნებადი სიმპტომია. არსებობს სხვადასხვა ტიპის ხველა, ცხვირიდან ჩადენილი სეკრეტის შედაგად გამოწვეული ხველა, ხორხისმიერი მყეფავი ხველა, ბრონქისმიერი, ფილტვისმიერი, ალერგიული და ა.შ. ადრეული ჩვილობის ასაკში და სკოლამდე ასაკში ხველის წამალი მოწოდებული არ არის, საჭიროა თბილი სითხეებით დატვირთვა და ცხვირის მარილიანი წყლით სანაცია.

რას გვეტყვით იმუნიტეტის ასამაღლებელ პრეპარატებსა და ვიტამინებზე. რამდენად კავშირშია ჯანსაღი და ბალანსირებული კვება 

ბავშვებში ავადობის სიხშირესთან და მეორეს მხრივ, როდესაც ბავშვი უჭმელია და არ იღებს საჭირო ნივთიერებს, შეიძლება თუ არა იმუნიტეტის გასაძლიერებელი პრეპარატების გამოყენება?

იმუნური სისტემა იმართება კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და ეს განსჯას არ ექვემდებარება. რაციონალურ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით ფაქიზად ორ წლამდე პერიოდს ვეპყრობით. ძალიან დიდი ფუფუნებაა, თუკი დედას 6 თვემდე ექსკლუზიურად ძუძუთი შეუძლია კვებოს. კვების რეჟიმი და რაციონი ბავშვს ისე უნდა ჩამოვუყალიბოთ, რომ ყველა პროდუქტი თავის დროზე მიიღოს. ადამიანები ყველანაირ პროდუქტს ვიღებთ და ეს ადრეული ასაკიდან უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს. თუ არის შესაძლებელი, აქცენტი გააკეთეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე. იმუნოლოგიური სისტემა მხოლოდ რაციონალური კვებით ყალიბდება. ვიტამინების მიღება არ იცავს ბავშვს ვირუსებისგან. თუ კონკრეტულ ბავშვთან რომელიმე კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, შეგვიძლია ის შევავსოთ და არა ვიტამინების კომპლექსი მიიღოს. არსებობს მდგომარეობები, მაგალითად მეძუძურობა და შეგვიძლია გარკვეული ვიტამინების დანიშვნა, თუ დედას სრულფასოვანი კვება არ აქვს. თუმცა, თუ მეძუძური ქალი იღებს 500 კალორიით მეტს, არც აქ არის საჭირო ვიტამინების დანიშვნა. ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ორგანიზმის მოსმენა – წყალს სვამ მაშინ, როდესაც გწყურია… უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს სწორი კვების რეჟიმი, კვებებს შორის სუსნაობა არასწორია და ა.შ.

 გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1871748122850008/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები