LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევხვდები თორნიკე რიჟვაძეს და გავაგრძელებთ კონსულტაციებს – გიორგი მარგველაშვილი

85

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებს. პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალი ფრაქციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრები დაასრულა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში დღეს დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძესაც შეხვდება.

„შევხვდები ბატონ თორნიკეს და ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ კონსულტაციებს. სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა. შეიძლება, კიდევ რაღაც მოსაზრება მოვისმინოთ ამის თაობაზე. ამ ეტაპზე, გრძელდება ის კონსულტაციები, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. პრეზიდენტი სანამ დაასახელებს და წარმოადგენს ახალ კანდიდატურას, ბუნებრივია, უნდა გაითვალისწინოს რეგიონის შეხედულებები, მოსაზრებები, ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარდგეს კანდიდატურის დასასახელებლად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ წარმოდგენილია ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატურა. შეიძლება, რაღაც მოსაზრება კიდევ წარმოადგინონ. მოვისმენ მათ კანდიდატურებს, თუ იქნება ასეთი გავესაუბრები,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია იმ პარტიის მიერ, რომელიც არის უმრავლესობაში. მარგველაშვილი ამბობს, რომ უნდა გაესაუბროს იმ ადამიანს, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია,

„ასეთივე ლოგიკით გავესაუბრები სხვა კანდიდატებსაც, თუ იქნება და შესაბამისად, მე უხერხულობას იმაში, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს გავესაუბრო, ვერ ვხედავ,“ – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.