LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

83

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  ყაჩაღობის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს. დაკავებული წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობისთვის არის ნასამართლევი. ამის შესახებ ცნობილი შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე გახდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქუთაისში, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეიჭრა, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა აღნიშნულ ფილიალში მყოფ მოქალაქეს, შემდეგ სალაროდან 1800 ევრო, 1802 ლარი, 5569 დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 
გამოძიება ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გახსნილია  ყაჩაღობის კიდევ ერთი ფაქტი შესახებ, რომელიც ხაშურში მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორ პირს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ელექტროშოკისა და ცივი იარაღის მუქარით ხელ-ფეხი შეუკრეს, 1830 ლარი და მობილური ტელეფონები წაართვეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. 
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. 
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები