LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შინაპატიმრობა ფასიანი ხდება: ცვლილება ძალაში წელს შევა

618

„შინაპატიმრობის ფასიანი სერვისი მიმდინარე წელს ამოქმედდება“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ განუცხადა.

დარახველიძის თქმით, შინაპატიმრობის სერვისი ფასიანი იქნება ყველა მსჯავრდებულისთვის, გარდა სოციალურად დაუცველი და არასრულწლოვანი პატიმრებისა. ჯერჯერობით უცნობია რა თანხის გადახდა მოუწევთ მსჯავრდებულებს, თუმცა, ცნობილია, რომ თანხის ჩარიცხვა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე მოხდება, რადგან სასჯელის აღსრულებას სწორედ ეს სააგენტო უზრუნველყოფს.

 

„დღეს მიდის პირველი მოსმენით განხილვა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მას შემდეგ რაც პარლამენტი დაამტკიცებს და პრეზიდენტი ხელს მოაწერეს ამ ცვლილებას, არის გარკვეული ვადები, რაც სჭირდება სამინისტროს, ცვლილება ძალაში მიმდინარე წელს შევა. ჯერჯერობით გარკვეული არ არის რა თანხის გადახდა მოუწევთ მსჯავრდებულებს, ეს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება“, – აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

 

მისივე თქმით, შინაპატიმრობის სერვისი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ დადგა საჭიროება, რომ მსჯავრდებულებმა აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში გარკვეული თანხა გადაიხადონ.

„ზოგადად აღნიშნული სასჯელი ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში არის ფასიანი. მოგეხსენებათ, რომ ელექტრონული ფორმით ხდება მისი აღსრულება, საჭიროებს სპეციალური აპარატურის შეძენას, შემდგომში დისტანციურ კონტროლს კონკრეტული მსჯავრდებულის შემთხვევაში და რა თქმა უნდა აღნიშნული საკითხების მოწესრიგება დაკავშირებულია შესაბამის ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტასთან და ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკა არსებობდა ამ მიმართულებით და სხვა ქვეყნებშიც ეს სასჯელი ფასიანი იყო, ჩვენს შემთხვევაშიც არის ჩანაწერი კანონში, რომ შეიძლება დაწესდეს საფასური“, – განუცხადა „ფორტუნას“ ალექსანდრე დარახველიძემ.

 

პენიტენციურ დაწესებულებაში რეფორმების შესახებ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა დღეს პარლამენტოს სხდომაზე ისაუბრა.

გვანცა ბზიავა

პოპულალურები