LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირებისთვის კლინიკებში სერვისის საფასურის სავარაუდო მოთხოვნის შემთხვევებზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

99

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში შშმ პირებისთვის კლინიკებში არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და სახელმწიფოს დაფინანსებული სერვისის საფასურის მოთხოვნის სავარაუდო რამდენიმე შემთხვევას იკვლევს.

სადაზღვევო სისტემის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობისა და შშმ პირთა უფლბებზე ექიმების, სხვა სამედიცინო პერსონალის გადამზადების არასისტემურობის პრობლემებზე საკუთარ ანგარიშში სახალხო დამცველიც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით რეგიონებში დგას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სწორი ინფორმაციის მიწოდების პრობლემა არა მხოლოდ რეგიონებშია.

საქმე ეხება დედაქალაქში მოხმდარ შემთხვევებს, როცა შშმ პირებს, სავარაუდოდ, იმ მომსახურების საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რომელსაც რეალურად სახელმწიფო ფარავს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ გაჩნდა ეჭვი სახელმიწფოს მხრიდან შშმ პირებისთვის განკუთვნილი სადაზღვეო პაკეტის გაუქმების შესახებ.

შშმ პირების სახელმწიფო დაზღვევის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში  გამოეხმაურნენ.

როგორც დეპარტამენის უფროსი, მაია ხომერიკი, “ფორტუნასთან” განმარტავს, პაკეტში არანაირი ცვლილება არ შესულა და არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი, თამარ იარაჯული, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, საკითხთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ფლობდა.

“ფორტუნასთან” თამარ იარაჯული აღნიშნავდა, რომ კლინიკაში, სადაც ბავშვი მიიყვანა, ფაქტის წინაშე დააყენეს და მომსახურებისთვის თანხის გადახდა მოსთხოვეს. მოგვიანებით თამარ იარაჯულმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ პაკეტი არ გაუქმებულა და არასწორი ინფორმაცია კლინიკაში მიაწოდეს.

“თუ კლინიკა შემთხვევით კიდევ მსგავს დანაშაულს ჩაიდენს და არ დაემორჩილება სახელმწიფოს, მაშინ ეგრევე მიმართეთ განცახდებით. არც ერთ შემთხვევაში, სანამ არ გაარკვევთ, არ გადაიხადოთ თანხა, საკმაოდ ძვირად ღირებული კვლევებიც კი არის შესული. შევხვდი ქალბატონ მაიას და ის მზადაა, დაგვეხმაროს და ყველა მსგავს განცხადებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს,” – წერს თამარ იარაჯული. 

როგორც ჩანს, კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მხოლოდ თამარ იარაჯული არ აღმოჩნდა. მაია ხომერიკი” ფორტუნასთან” აცხადებს, რომ მსგავსი რამდენიმე შემთხვევა იყო. ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკის გარდა, ხომერიკი სხვა კლინიკებს ვერ ასახელებს, თუმც აამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტი ამ შემთხვევებს შეისწავლის.

“რამოდენიმე შემთხვევა იყო, ოფიციალური ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს. თუმცა, დაასახელეს რამდენიმე შემთხვევა, ერთ-ერთმა მათგანმა განცხადებაც დაწერა, ამ ქალბატონსაც (რედ. თამარ იარაჯულს) აქვს განცხადება დაწერილი და ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ დოკუმენტაცია, რომელსაც  შევისწავლით. მონაყოლიდან ჩანს, რომ მათი მხრიდან დარღვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ დაველოდოთ დოკუმენტებს. მას შემდეგ ვიმოქმედებთ, რაც დოკუმენტაციას შევისწავლით. ერთი კლინიკიდან, კერძოდ, იაშვილის კლინიკიდან გვაქვს გამოთხოვილი და მოგეხსენებათ, მისი წარმოდგენისთვის 10 დღის ვადა აქვთ. მეორე ქალბატონმა გუშინ დაწერა განცხადება და ამაზეც გამოვითხოვთ დოკუმენტებს,” – აცხადებს მაია ხომერიკი.

“ფორტუნა” საკითხთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკასაც დაუკავშირდა. როგორც კლინიკის პრესსამსახურის უფროსმა თამუნა ჩეჩელაშვილმა განაცხადა, შემთხვევის შესახებ, რომელზეც თამუნა იარაჯული საუბრობს, საქმის კურსშია. თუმცა, ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს სწორი არაა. სხვა დეტალებზე თამუნა ჩეჩელაშვილი შეგვპირდა, რომ დაგვიკავშირდებოდა და კომენტარს გაკეთებდა, თუმცა, არ დაგვკავშირებია და  მოგვიანებით აღარც ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

“ფორტუნა” მზად არის, სურვილის შემთხვევაში, იაშვილის კლინიკის კომენტარიც გამოაქვეყნოს.

 

პოპულალურები