LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა Facebook-მიმოწერას გამოითხოვს

39

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების დეტალებზე შს მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ. ძალოვანი უწყების პირველი პირის თქმით, შსს აპირებს, სოციალური ქსელიდან, Facebook-იდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა მიმოწერას მოიცავს.

„ვაპირებთ, გამოვითხოვოთ ეს მიმოწერა და როგორც კი მივიღებთ მათ, მაშინვე თქვენ გამოგიგზავნით,“ – უპასუხა გახარიამ კომისიის წევრებს.

იქამდე, კომისიის წევრებმა შს მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვეს მათ მიმოწერები, რომელიც, შესაძლოა, დანაშაულის მოტივს ან სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდეს მკვლელობასთან დაკავშირებით.

დღესვე საგამოძიებო კომის​ია იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანსაც გამოკითხავს.

საგამოძიებო კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა; მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.