LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ორი ქართველი აბიტურიენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში გაგზავნა

119

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი – გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის“ კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე წარგზავნა.

ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, წარგზავნილი კანდიდატები, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation – ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველწლიურად არჩევს კანდიდატებს აშშ-ს სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში წარსაგზავნად. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, USCGA–ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტრო წელს პირველად ჩაერთო და 2 კანდიდატის წარგზავნის უფლება მოიპოვა.

ქართველი სტუდენტების აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, წიგნებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად აშშ-ს სანაპირო დაცვა ანაზღაურებს.

აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ს საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. 1971 წლიდან საერთაშორისო კადეტები აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, გადიან სამხედრო მომზადებას და ეუფლებიან ლიდერობის უნარებს. აკადემიას აქვს ოთხწლიანი ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია საინჟინრო, მათემატიკურ და სამეცნიერო განათლებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები