LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებს – ანა ნაცვლიშვილი

50

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიკერძოებულია და ცალსახად იკვეთება მცდელობა, საზოგადოებრივი აზრი არასწორი მიმართულებით ჩამოყალიბდეს,”  – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა, ნუცუბიძეზე გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ხაზგასმა იმაზე, რომ ადამიანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო და გარდაიცვალა, არასწორია და მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს, ხომ არ იკვეთება არაკანონშესაბამისი ქმედებები პოლიციის მხრიდან.

„ინფორმაცია, რომელსაც შსს ავრცელებს, დაახლოებით ასეთია, რომ ერთი უბრალო ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც შესაძლოა, იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან ცხოვრების წესი ჰქონდა დაკავშირებული ალკოჰოლთან, რომ, თითქოს, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, თითქოს, არავინ განსაკუთრებული არ მომკვდარა. შსს-ს განცხადება ამ ტიპის მესიჯის გავრცელების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს მაშინ, როცა შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი საქმესთან იმას, თუ რა ტიპის ურთიერთობა ჰქონდა ამ ადამიანს ალკოჰოლთან. მთავარი შესწავლის საგანი უნდა იყოს ის, რომ ეს ადამიანი პოლიციის ხელში რომ გარდაიცვალა, იკვეთება თუ არა პოლიციის მხრიდან არასწორი, არაკანონშესაბამისი მოქმედება,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, კარგია, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და არა შსს, თუმცა გამოძიება სამოხელეო დანაშაულის კუთხით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები