LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს–ში პრემიის სახით 6 მლნ ლარზე მეტი გაიცა – 10 თვის მონაცემები

97

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

არსებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში.

miachart1

IDFI-ს ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი. შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში – 4 335 ლარი. მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.  მაგალითად, მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო, 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა – 107 250 ლარი, ლევან იზორიამ – 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში – 44 000 ლარი. ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით  ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე – ივლისის პრემია 22 000 ლარი.  2013 წლის მაისში  ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას 13 250 ლარი.

mia1

2013 წელს (10 თვე)  ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს ზვიად ჯანყარაშვილს 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის,   ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს  ავთანდილ თაბუნიძეს – აგვისტოს პრემია 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს – სექტემბრის პრემია 11 250 ლარი.

mia2

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

 

2013 წელს  (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია  492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსს  და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი.

mia3

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი

 

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს  (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174  894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსს მიღებული აქვთ 200 500 ლარი.  მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილს და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი.

mia4

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორს და მის ორ მოადგილეს მიღებული აქვთ 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისის თვეში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.

mia5

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს.

miachart2

mia6axali

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებთან შედარების შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, რიგ შემთხვევებში თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მითითებულია არასრული/არასწორი მონაცემები. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაშიმითითებული აქვს, რომ 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 89 828 ლარი. ამავე დროს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მას 10 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 113 500 ლარი.

ენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ჯანყარაშვილის თანამდებობაზე მიღებული დეკლარირებული შემოსავალი შეადგენს 78 103 ლარს, მაშინ როდესაც 10 თვეში მხოლოდ პრემიის სახით მიღებული აქვს 70 000 ლარი.

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელი უფროსის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ დეკლარირებულიაღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 45 862 ლარს, მაშინ როდესაც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით  მას მხოლოდ პრემიის სახით აღნიშნულ თანამდებობაზე მიღებული აქვს 66 250 ლარი. 

 

IDFI ამ ინფორმაციას 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა, თუმცა შსს-მ მოთხოვნილი  ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც 2016 წლის 19 ნოემბერს IDFI-მ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ერთობლივი განცხადებით საქართველოს პროკურატურას მიმართეს და შსს-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

“სამწუხაროა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მიღება მხოლოდ პროკურატურისადმი მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს  უფლება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მიიღოს მონაცემები საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ”, – აცხადებენ IDFI-ში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები