LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

39

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა დააკავეს.

შსს-ს ცნობით უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. გაბედავამ წინასწარი დაკავების იზოლატორი შესაძლოა დღესვე დატოვოს.

გიორგი გაბედავა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ეკავა პლაკატი, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. სამართალდამცველებმა გაბედავას პლაკატის შენახვა მოსთხოვეს. მან სამართალდამცავებს სთხოვა განმარტება, თუ რის საფუძველზე ითხოვდნენ მისგან პლაკატის შენახვას, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ შსს-მ გაასაჯაროოს 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერი, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. ასევე, ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები