LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუალედურ არჩევნებში, გიგი უგულავას “ქართული ოცნების” კანდიდატი უსწრებს

191

საარჩევნო ადმინისტრაციამ საზოგადოებას 2018 წლის 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 60-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით წარუდგინა შედეგები.

წინასწარი შედეგების მიხედვით “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს.

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№2 გიორგი უგულავა – 10 404 (38.38%)

№17 გიორგი ლილუაშვილი – 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი – 59 (0.22%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 – (1.47%)

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 – (57.86%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 – (1.61%)

„დასრულდა ხმების დათვლის პროცესი. საუბნო შემაჯამებელი ოქმების განთავსება შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო და ასევე პერიოდულად ქვეყნდებოდა დათვლილი უბნების შესაბამისად კანდიდატების მიერ მიღებული შედეგები. დათვლილია 60-ვე უბნის შედეგი და საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ნებისმიერი მსურველისთვის  ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ. მან მედიას ასევე გააცნო ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკა გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 57.9%. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო  13 731-მა ქალმა (49.31%) და 14115-მა კაცმა (50.69%) ამომრჩეველმა.

„როგორც კენჭისყრა, ისე ხმების დათვლის პროცედურა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცესს. დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციის  გარდა საჩივრებთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის დამატებით ახალი მონაცემი საარჩევნო ადმინისტრაციას არ მიუღია,“ – აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები