LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვიდკაცასა“ და Take 6-ის შესრულებულმა „სულიკომ“ დარბაზი აამღერა

36

Ardaidardo.Ge
11 აგვისტოს, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, „შვიდკაცამ“ სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა. საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა, ცნობილმა ანსამბლმა არაერთი ქართული სიმღერა შეასრულა, რითაც მსმენელი იცნობს და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ახლებურად ააჟღერა ზოგიერთი ჩვენთვის ასე საყვარელი და ნაცნობი კომპოზიცია. კონცერტის ღირსშესანიშნავი ეპიზოდი და რასაკვირველია, მისი კულმინაცია გახლდათ 8 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფის, Take 6-ის სცენაზე გამოჩენა. „შვიდკაცამ“ მათივე რეპერტუარიდან სიმღერა Amen დაიწყო და მეორე კუპლეტზე მათ Take 6 შეუერთდა შესანიშნავი იმპროვიზაციით. შემდგომ ჯგუფმა რამდენიმე კომპოზიცია შესთავაზა მსმენელს, რითაც დარბაზის აყოლიება შეძლო, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა მათ მიერ წარმოდგენილმა ცნობილმა სიმღერამ Smile, რომელიც ორკესტრთან ერთად შესანიშნავად ჟღერდა…

 

თუმცა კონცერტის მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა. ნიკოლოზ რაჭველის ვერსიით, „სულიკო“ ორივე ჯგუფმა ერთად შეასრულა და დარბაზიც აამღერა. ეს ვერის მართლაც განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ქართველმა მსმენელმა დააფასა ის მონდომება, რითაც Take 6-ის წევრები ქართულ სიტყვებს გამოთქვამდნენ. კონცერტამდე ორი საათით ადრე, როცა დარბაზში რეპეტიცია მიმდინარეობდა, როიალთან, რომელთანაც ნიკოლოზ რაჭველი იჯდა, ამერიკული ჯგუფის ბანი, დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა, გამოეთქვა „ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა“ და სხვათა შორის, ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. ყველაზე საუკეთესოდ უცხოელმა მომღერლებმა მაინც „სადა ხარ, ჩემო სულიკო“ გამოთქვეს…

 

„ბლექ სი არენაზე“ ტრადიციად დამკვიდრდა ქართული კონცერტებისთვის შექმნილი საუკეთესო გაფორმებები, რისთვისაც ახლაც, როგორც გიორგი მიქაძის 4 აგვისტოს გამართულ კონცერტზე, ბასა ფოცხიშვილის გუნდმა იმუშავა და ეკრანების საშუალებით ულამაზესი ატმოსფერო შექმნა იქ გაჟღერებული მუსიკისთვის.

Ardaidardo.Ge
კონცერტის დასრულების შემდეგ ჯგუფ Take 6-ის წევრები კულისებში „ოდოიას“ შესრულებით იყვნენ გართულები. მათ აღნიშნეს, რომ მართალია, მათი სასიმღერო ტრადიციები განსხვავდება ჩვენგან, მრავალხმიანობის კუთხით, საერთოს მოძებნა შეიძლებოდა და მოიძებნა კიდეც. ისინი კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ამ თანამშრომლობით. მათივე თხოვნით, ისინი შეხვდნენ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას, რომელიც მათ გასაცნობად სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცეში მიიწვიეს, დიდხანს ისაუბრეს კალათბურთის შესახებ და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

 

ანი კავლელიშვილი, „ბლექ სი არენას“ დირექტორი:

 

კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, შესრულდა ბევრი საინტერესო ნომერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო პუბლიკისთვის, Take 6-მა „სულიკო“ „შვიდკაცასთან“ ერთად შეასრულა. ვფიქრობ, ამ საღამოს წარმატება ხვდა წილად, დარბაზში ემოციები მძვინვარებდა…

 

გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცას“ წევრი:

 

იმხელა ემოცია და სიხარული იყო… ყველანირად ვეცადეთ, აქ მოსული მსმენელისთვის ყველაფერი გადაგვეცა, რაც ჩვენში დევს. მგონი, გამოვიდა, მადლობა ყველა ორგანიზატორს და Take 6-ს.

 

კლოდ მაქნაითი, Take 6-ის წევრი:

 

„სულიკო“? დიახ, ეს შესანიშნავი სიმღერაა, რომელიც ჩვენ კონცერტამდე ორი დღით ადრე ვისწავლეთ და ცოტას ვნერვიულობდით, როგორი გამოგვივიდოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მსმენელსაც მოეწონა და ჩვენც კმაყოფილები ვართ.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები