სილამაზის კონკურსი ბავშვებში – უწყინარი გართობა თუ საკბილო პედოფილებისთვის

მკვეთრი მაკიაჟი, უფროსების მსგავსი ვარცხნილობა და სამოსი – ხშირად ეს საბავშვო სილამაზის კონკურსების შემადგენელი ნაწილია. პოპულარულ სილამაზის შეჯიბრში ბავშვებთან ერთად  მშობლებიც აქტიურად არიან ჩართული.

„განსხვავებული შვილი მყავს, როგორ გავიარო რეგისტრაცია?
“, „საკონკურსოდ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვი?

ქართული სამოდელო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ სილამაზის კონკურსისადმი მშობლების დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მონაწილეთა უმრავლესობა კი გოგონები არიან.

მშობლები კონკურსში ჩართვის გადაწყვეტილებას ბავშვის რეალიზაციისა და კომპლექსების დაძლევის მიზეზით ხსნიან.

მშობლის ნებაა მიიყვანს თუ არა შვილს, თქვენ ნუ მიიყვანთ, სხვას ნუ ეხებით!“ – ასე პასუხობს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის დედა სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას.

 

აქვს თუ არა მედალს მეორე მხარე?! – ბავშვთა ფსიქოლოგები და უფლებადამცველები საბავშვო სილამაზის კონკურსებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

ფსიქოლოგიური ძალადობა და პედოფილიის საფრთხე – ასე აფასებს ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი სილამაზის შეჯიბრს ბავშვებში. მისი მოსაზრებით საბავშვო სილამაზის კონკურსები, გარდა ძალადობრივი საფრთხეებისა, ბავშვის ღირებულებებსაც აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

 

სილამაზის კონკურსები ანგრევს  იმ ღირებულებებს, რომელსაც განათლების შესახებ ვაწვდით ბავშვებს. კერძოდ, რომ მიზნის მიღწევა შეიძლება შრომით, განათლებით. ამ დროს კონკურსები აბსოლუტურად სხვა ღირებულებას უჭერს მხარს, ადამიანის დაფასებას მხოლოდ თანდაყოლილი სილამაზის გამო. გარდა ფსიქოლოგიური ფაქტორებისა, კონკურსებს ბავშვების სექსუალიზაციის ობიექტებად ქცევის უდიდესი საფრთხე ახლავს თან. ისეთ ფორმაში გამოყავთ ბავშვები კონკურსებზე, სექსუალური მოძალადეების პირდაპირ სამიზნედ აქცევენ. მოძალადეები ახდენენ ბავშვების იდენტიფიცირებას და არსებობს რისკი დადგეს ძალიან ცუდი შედეგი“- ამბობს ანა არგანაშვილი“ფორტუნასთან“ საუბარში.

სპეციალისტის განმარტებით, საბავშვო კონკურსების კიდევ ერთი პრობლემა ღონისძიების ორგანიზატორებისა და წარმომადგენლების კვალიფიკაციაა. სფეროს კანონი არ არეგულირებს. კონკურსის ორგანიზატორები ხშირად ამბობენ,  რომ არის სახელოვნებო კონკურსი ან ფესტივალი. სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა ასწავლოს ბავშვებს ისე, რომ ბავშვის განვითარების ეტაპებისა და ფსიქოლოგიის შესახებ არანაირი განათლება არ ჰქონდეს. მსგავს კონკურსებზე არ არის გაწერილი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით რამდენი ხნით შეიძლება ბავშვის დატვირთვა, იმუშაოს მაგალითად სცენაზე. არსებობს ბავშვის გამოფიტვისა და გადაღლის სერიოზული რისკი.

16 წლამდე მოზარდებში სილამაზის კონკურსები 2013 წლიდან არის აკრძალული საფრანგეთში. „სილამაზის კონკურსები ბავშვების სექსუალურ ობიექტებად წარმოჩენის საფრთხეს ქმნის“ – ნათქვამია საფრანგეთის სენატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. კანონდამრღვევს 30 00 ევროიანი ჯარიმა და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.   

 

საფრანგეთისგან განსხვავებით საბავშვო სილამაზის კონკურსი Toddlers & Tiaras ამერიკულ ტელეარხ TLC ეთერში წლებია გადის. შოუს ისტორიის განმავლობაში ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ არაერთი სასამართლო პროცესია გამართული. შოუში გამარჯვებისთვის მშობლები ბავშვებს უღებავენ თმებს, ფრჩხილებს, უკეთებენ ავტორუჯს, ეპილაციას წარბებსა და სხეულზე. ბავშვები შოუზე მკვეთრი მაკიაჟით, სექსუალური სამოსით და სიგარეტით ხელში, ხშირად იძულებით გამოჰყავთ. დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ენერგიული ცეკვის შესასრულებლად დედა ბავშვს რეგულარულად ასმევდა ენერგეტიკულ სასმელს.

მსგავსი მძიმე შემთხვევები ქართულ სილამაზის კონკურსებზე არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში ანა არგანაშვილი იხსენებს: ქართულ სოციალურ მედიაში ხშირად ვრცელდება ფოტოები, როდესაც ბავშვები თავისი ასაკისთვის შეუფერებელად გამოიყურებიან. ასეთ ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ნახულობს. მშობლები ვერ აცნობიერებენ საფრთხეს. მეტიც, ძირითადად ფულს თავად ისინი იხდიან საკუთარი ბავშვების ექსპლუატაციაში.

შესაბამისად, სილამაზის კონკურსებთან დაკავშირებული საფრთხეებისგან ბავშვების დაცვის ეფექტურ მექანიზმად უფლებადამცველები არა კონკურსის აკრძალვას, არამედ მშობლების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირებას მიჩნევენ.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები