LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანების შემდეგ 400 მილიონის ინვესტირება იგეგმება

98

„სილქნეტისა“ და „ჯეოსელის“ გაერთიანების შემდეგ, კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო 5 წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, – ამის შესახებ „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, “სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა, რომელიც „სილქნეტის“ ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის“ მობილურ სერვისთან გააერთიანებს.

როგორც ღონისძებაზე აღინიშნა, „სილქნეტი“ ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სილქნეტის მიერ ჯეოსელის 100%-იანი წილის შეძენას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე წლის 13 მარტს დაეთანხმა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა“ 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით უზრუნველყო.

როგორც ღონისძებაზე აღინიშნა, პროცესის მიმდინარეობისას საერთაშორისო კომპანიებმა – „ჰულიჰან ლოკმა“ (Houlihan Lokey) და „ერნეჰოლმ ჰასკელმა“ (Erneholm Haskel) „სილქნეტის“ ფინანსური მრჩევლების მოვალეობა შეასრულეს. ხოლო კომპანია „დენტონსი“ (Dentons) იურიდიული მრჩეველი იყო.

პროცესში ასევე ჩართულები იყვნენ KPMG და წამყვანი გლობალური სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Orange-ის შვილობილი საკონსულტაციო კომპანია „სოფრეკომი“ (Sofrecom). თავად „სილქნეტი“ Orange Alliance-ის წევრი 2014 წლიდანაა, რაც კომპანიას მოწინავე ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან წვდომას აძლევს. Orange Alliance-ის წევრობა „სილქნეტს“ მოწინავე საერთაშორისო მართვის სისტემების დანერგვისა და მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტებისა და მომსახურების სწრაფად შეთავაზების საშუალებას მისცემს.

როგორც გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, „სილქნეტი“ უკვე გაერთიანებული აქტივებით იწყებს ოპერირებას ბაზარზე.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამის წინაპირობაა საქართველოს მთავრობის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ტელესაკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე თანასწორი, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, განახლებული კომპანია მეტ სიკეთეს მოუტანს როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ მომხმარებელს“, – განაცხადა გიორგი რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები