LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძური გამოიფინება

392

10 ივნისს,  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში შუა საუკუნეების საგანძურის გამოფენა გაიხსნება.  წარმოდგენილი იქნება წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.

ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად, გამოფენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XVIII საუკუნეების ხელნაწერები. მათ შორის, გამორჩეულია ალავერდის ოთხთავი (1054წ.), რომელიც შეიცავს სახარებათა ხელნაწერ ტრადიციებში იშვიათ მინიატურას, მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილ ხატს – მანდილიონის გამოსახულებას. მისი ყდა შემკულია ძვირფასი თვლებით და წმ. გიორგის ტიხროვანი მინანქრის გამოსახულებებით. გამოფენილია აგრეთვე, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი, მდიდრული ორნამენტული დეკორით და ძვირფასი ქვებით შემკული, XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი.1188-1210 წლებში შესრულებული ასტროლოგიური თხზულება „საეტლო და სამთვარიო” კრებული შეიცავს სხვადასხვა სახის სასულიერო შინაარსის ნაწარმოებებს, არაბულიდან თარგმნილ რამდენიმე ასტროლოგიურ თხზულებას და ზოდიაქოს ნიშნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები