LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სირიის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება მხოლოდ დასაწყისია“ – რამდენად რეალურია რუსეთის მუქარა

„ეს მხოლოდ დასაწყისია“ – სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“ უკვე მოყვა პირველი ხმამაღალი განცხადებები რუსეთის მხრიდან.

მომავალში მოსალოდნელი „აღიარებების“  შესახებ შეფასება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა გააკეთა. კონსტანტინე კოსაჩოვი ამბობს, რომ ამ პროცესს რუსეთი მხარს უჭერს და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სხვა სახელმწიფოებიც განაგრძობენ. 

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარების“  შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

ოფიციალურმა თბილისმა სირიის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა და სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და საპასუხო ზომები მიიღოს.

დღეს არსებული ვითარებით, სირია რიგით მეოთხე სახელმწიფოა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

 

ჯაჭვური პროცესების განვითარების რისკი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა,  რუსეთის ფედერაციამ და მისი დახმარებითვე, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარეს. ერთი წლის შემდეგ კი, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ე.წ. ხელშეკრულება მათთან ნაურუმაც გააფორმა. სირია კი, პირველი არაბული ქვეყანაა, რომელმაც ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაში რაიმე ჯაჭვური პროცესების განვითარების საფრთხე არ ჩანს. პოლიტოლოგი „ფორტუნასთან“ განმარტავს, რომ თუ იმ სახელმწიფოების სიას გადავხედავთ, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონები აღიარეს, ვნახავთ, რომ მათ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ, თუმცა, დასძენს, რომ ეს მთავარი პირობა არ არის.

„ეს ის ქვეყნები არაა, რომელთაც მხოლოდ რუსეთთან აქვთ კარგი ურთიერთობა, ამავდროულად, მათ დანარჩენ მსოფლიოსთან ცუდი ურთიერთობა აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯაჭვურ რეაქციას არ ველოდები,“– ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კორნელი კაკაჩია. კაკაჩია „ფორტუნასთან“ ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეს პირველი პრეცენდენტია, როცა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები არაბულმა სახელმწიფომ აღიარა და პოლიტოლოგი ჯაჭვური პროცესების საფრთხესაც ხედავს.

„დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ გარკვეული რისკები ბუნებრივია არსებობს, მანამდეც არსებობდა და ეს ჩვენთვის ცნობილი იყო, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც აქვთ ახლო ურთიერთობა რუსეთთან და ეს სახელმწიფოები არ არის მხოლოდ ერთ კონტინენტზე, არის აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში.

გარკვეული რისკები არსებობს, რომ ამან სხვა სახელმწიფოების მხრიდანაც არ გამოიწვიოს ასეთივე პროცესები, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებში, სადაც არის ჩერქეზული დიასპორა, მაგალითად იორდანიაში, იგივე პატარა სახელმწიფოში, როგორიცაა ერიტრეა, სადაც რუსეთი ცდილობს მიაღწიოს აღიარებას და ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა, ასევე, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, წყნარი ოკეანის კუნძულებზე, როგორც აქამდე იყო,“ – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გააქტიურებულ საუბარს უკავშირებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე და აღნიშნავს, რომ ამის პრევენცია რთული იქნებოდა.

„ეს არის რუსეთის გადაწყვეტილება. ბოლო პერიოდში ინტერნსიურად დაიწყო საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე და ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, რა თქმა უნდა სირია და ასადი თავიდან ფეხებამდე სრულიად დამოკიდებული არიან რუსეთის პოლიტიკაზე. რუსეთმა თუ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა, ასადი ერთ დღესაც ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას,“ – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

აღიარების პრევენციისთვის ქართული დიპლომატიის შეზღუდულ რესურსებზე საუბრობს კორნელი კაკაჩია. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ასადის რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობიდან გარიყულია, კაკაჩია ამბობს, რომ არაღიარების პოლიტიკაზე მუშაობა დიპლომატიას გაუჭირდებოდა.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გვემუშავა და დარწმუნებული ვარ, ქართული დიპლომატია მუშაობდა ამ მიმართულებით, რომ მიეწოდებინათ გარკვეული მესიჯი, თუ რას გამოიწვევდა ეს ნაბიჯი, თუმცა, არ მინდა ვთქვა, რომ მოვდუნდით, მაგრამ სცენარის ასე განვითარებას არ ველოდით,“ – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

 

ანტიანექსიური პოლიტიკა არაღიარების პარალელურად

საქართველომ გარკვეულ სახელმწიფოებზე რუსეთის გავლენას არაღიარების პოლიტიკა დაუპირისპირა. სწორედ ამის შედეგად ვანუატუმ და ტუვალუმ, რომელთაც აფზახეთი და ცხივალის რეგიონი აღიარებული ჰქონდათ, ამ აღიარებაზე მოგვიანებით უარი თქვეს. თუმცა,  პრობლემა კვალაც რჩება. პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არაღიარების პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თუმცა, დასძენენ, რომ ეს უკვე საკმარისი აღარ არის და ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობენ.

„ამავდრიულად უნდა შემუშავდეს ახალი, ანტიანექსიური პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს სინქრონში ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად, რომ უფრო მკაფიო იყოს პასუხი რუსეთისთვის, თუ მომავალში გააგრძელებს, ანექსიას მოახდენს ტერიტორიების, იცოდეს ფასი, რომელიც მან უნდა გადაიხადოს,“ – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

რამდენად გადაახდევინებს საერთაშორისო საზოგადოება, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთს შესაბამის ფასს და რამდენად მოახერხებს ამ მიმართულებით საქართველო პარტნიორების კონსოლიდაციას – კაკაჩია ამბობს, რომ მსგავსი კითხვები თან ახლდა არაღიარების პოლიტიკის დაწყებას, თუმცა, ის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

 

თაკო ივანიაძე

პოპულალურები