“სითი პარკის” თანამშრომლები აგრესიულ მენეჯმეტზე გადავიდნენ

84

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია “სითი პარკთან” დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის ცნობით, მას შემდეგ რაც მერიამ, კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა დააანონსა, “სითი პარკის” თანამშრომლები აგრესიულ მენეჯმეტზე გადავიდნენ.

ტრანსპორტისა და გზების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, მერიაზე უკმაყოფილო, “სითი პარკმა” მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანა.

“მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის (10 აპრილიდან) შესახებ განაცხადა, კომპანიის თანამშრომლები გადავიდნენ აგრესიულ მენეჯმენტზე. აშკარაა “სითი პარკის” მიზანი, რომ ამოიღოს მაქსიმალური ოდენობის საჯარიმო თანხა მძღოლებისგან. იმ ფონზე, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ხოლო ადგილები არასაკმარისი (15 ავტომობილი-1 საპარკინგე ადგილი) არასამართლიანად მიგვაჩნია მასიური საგანგებო-სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ავტომფლობელების მიმართ, რომელმაც მიიღო ყოვლად მიუღებელი რეიდების სახე. უკვე მერემდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ილახება მძღოლთა უფლებები მერიასა და “სითი პარკს” შორის არსებული დაპირისპირების გამო.

აღსანიშნავია, რომ კომპანია იმყოფება სამართლებრივ დავაში მერიასთან, თუმცა მერიაზე უკმაყოფილოებმა, მთელი აგრესია მოქალაქეებზე გადაიტანეს. ვგმობთ “სითი პარკის” ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ქმედებებს. სირცხვილია, რომ “ძლიერზე” გაბრაზებული “სითი პარკი”, “სუსტის” დაჩაგვრით დაკავდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მსგავს სადამსჯელო ღონისძიებებს “სითი პარკი” გაასმაგებელი ენერგიით გაატარებს 10 აპრილამდე, მივმართავთ თბილისის მერიას, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და შესთავაზოს ავტომფლობელებს გამოსავალი!

მძღოლებს ვთხოვთ მაქსიმალურ ყურადღებას, რომ თავიდან აირიდონ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით წარმოქმნილი გაუგებრობა”, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები