LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიურპრიზი ავტობუსის მგზავრებს – მათ წიგნები და მოსაწვევები დახვდათ

72

დღეს დილით, N61 ავტობუსის მგზავრებს უჩვეულო სიურპრიზი დახვდათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ.

აქციაში აქტიურად ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“. ღონისძიების მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები