LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებსა და ბაღებში წითელას შემთხვევების გახშირებაა მოსალოდნელი, გამოსავალი ვაქცინაციაა – პაატა იმნაძე

104

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში წითელას შემთხვევების გახშირებაა მოსალოდნელი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს წითელას მიმართ იმუნიტეტი არ აქვს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, 2018 წელს წითელათი გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

„წითელას ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია. ეს მოხდა საქართველოში 2003-2004 წლებში, ეს მოხდა 2014-2015 წლებში და ახლაც არის წითელათი დაავადების შემთხვევების მატება ქვეყანაში. წელს წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და ამ დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს არის იმის შედეგი, რომ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის 10% არის არაიმუნური. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს შეიძლება წითელა დაემართოს. წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოც მიიღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ბავშვთა გეგმური აცრები სავალდებულო გახდება.

მათივე ცნობით, წითელას გართულებების მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს 1 წლამდე ასაკის ბავშვები განეკუთვნებიან. აგრეთვე მაღალია წითელას შემთხვევები 1-4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში.

პაატა იმნაძის განცხადებით, წითელას დაავადების გავრცელებას მხოლოდ აცრები შეაჩერებს. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილის სკეპტიციზმსა და შიშს აცრების მიმართ, საფუძველი არ აქვს.

“ერთადერთი რაც წითელას გააჩერებს, არის აცრა. აცრები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს თავიანთი საცხოვრებლის მიხედვით და გაიკეთონ აცრა.

გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი საიტებით იკვებებიან, სადაც ანტივაქცინალური კამპანიებია. ასევე არის დედების მცირე პროცენტი, რომლებიც აცრების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, ერთმანეთს რაღაც საშინელებებს სწერენ, უზიარებენ საიდანღაც მოტანილ არამეცნიერულ აზრებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველგან ხდება, მაგრამ რა დააშავა დედების იმ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც უნდა თავისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

მათ შიშს საფუძველი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ვაქცინები, მაქსიმალურად გაწმენდილი, მაღალი ეფექტით და გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად, არ გააჩნია,”- განაცხადა მან.

პაატა იმნაძემ წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარება ურჩია მათაც, ვინც ბავშვის გაჩენას აპირებს. მისი თქმით, ვაქცინა ორსულს დაიცავს ამ დაავადების გადადებისგან, რაც განსაკუთრებით საშიშია მუცლად მყოფი ნაყოფისთვის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან წითელას ეპიდაფეთქებები ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარაში დაიწყო. 2018 წლიდან წითელათი დაავადების შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები