LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში დასარიგებელი ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

72

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში ვაშლის დარიგების კამპანიის ფარგლებში, ვაშლის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვას გეგმავს.

სატენდერო პირობების თანახმად, პრეტენდენტი უფლებამოსილია შესთავაზოს შემსყიდველს ერთი, ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი, რომლის ერთეულის ფასი უნდა იყოს იდენტური. ამასთან, სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება ექნება ვაშლის ჯიშები შეცვალოს ყოველ კვირას, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ქ. თბილისის ათივე საჯარო სკოლაში უზრუნველყოს ერთი ჯიშის ვაშლის მიწოდება, ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ფორმა და ფერი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ჯიშისათვის დამახასიათებელი, თითოეული არანაკლებ 150 გრ, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე. უნდა ჰქონდეს სწორი ზედაპირი (პრიალა) ლპობისა და ობის ნიშნების გარეშე.

რაც შეეხება მოთხოვნებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითხოვს, რომ ვაშლის ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები; საკვები პროდუქტის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას; მიწოდება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ყუთებით, რომლებიც უნდა იყოს მყარი, მშრალი, სუფთა და უცხო სუნის გარეშე; მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ, თბილისის 10-ვე საჯარო სკოლაში; სკოლაში მიწოდებული ვაშლი უნდა იყოს გარეცხილი; მიმწოდებელმა სკოლაში უნდა უზრუნველყოს შესაბამის ჭურჭელში ხილის განაწილება (დღის განმავლობაში);

ასევე, მოწოდებული ვაშლი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად) მისაწოდებელი სურსათის (ვაშლის) შესახებ, წარმოადგინოს სურსათის (ვაშლის) ლაბორატორიული კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი).

ტენდერის პირობების თანახმად, მოსწავლეების სავარაუდო ჯამური რაოდენობა სკოლებში – 20 000 იქნება; მისაწოდებელი ვაშლის სავარაუდო რაოდენობა კვირაში – 20 000 ერთეული ; ერთი ვაშლის სავარაუდო წონა არანაკლებ- 150 გრამი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები