LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკორპიონსის“ ბრწყინვალე შოუ – ჯგუფი, რომელიც არასდროს ბერდება

81

გერმანული როკ-ბენდი, რომელიც სცენაზე მოღვაწეობის არც მეტი, არც ნაკლები, 50 წელს ითვლის, გაყიდული ალბომებისა და ჩანაწერების რეკორდული რაოდენობით დაიკვეხნის. ყველამ იცის მათი სიმღერა „Wind of Change“, რომლის სტვენაც ეპოქის პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანებოდა. ეს და სხვა სიმღერები ამჯერად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომელიც ღირსშესანიშნავ თარიღს, 50 წლის იუბილეს მიეძღვნა, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ აჟღერდა.

უნდა ითქვას, რომ „სკორპიონსის“ კონცერტის დაანონსების პირველივე წამიდან უდიდესი ინტერესი იგრძნობოდა ქართველი მსმენელის მხრიდან. ბილეთებიც, რომლებიც ინტერნეტსაიტზე განთავსდა, რამდენიმე დღეში სრულად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ არენის მენეჯმენტმა მეტად ხელმისაწვდომი ფასი დაადო და „სკორპიონსის“ ბილეთები საქართველოში, თუკი მათ ტურნეს შევადარებთ, ყველაზე იაფი იყო, 40-დან 100 ლარის ჩათვლით.

20 აგვისტოს არენის დარბაზი გადაჭედილი იყო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დამსწრეთა აშკარა უმრავლესობა ამ ჯგუფის თაყვანისმცემელი იყო, რადგან თითქმის ყველა სიმღერა იცოდნენ და სიამოვნებით ჰყვებოდნენ „სკორპიონსის“ 68 წლის სოლისტს, კლაუს მაინეს, რომელიც რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვოკალურად ძალიან კარგ ფორმაში გახლავთ.

შესრულდა ყველა ის სიმღერა, რომელსაც მსმენელი ელოდებოდა. ჯგუფს მანქანები გარეთ ელოდებოდა, მათ კი არა და არ უნდოდათ სცენის დატოვება, რადგან დარბაზსა და ჯგუფის წევრებს შორის ძალიან დიდი კონტაქტი შედგა, ბისზე მაყურებლის თხოვნისა და აპლოდისმენტების შემდეგ გამოვიდნენ და რამდენიმე სიმღერა შეასრულეს. თავად კონცერტი კი, სცენის ბექგრაუნდით დაწყებული, გიტარისტებისა და დრამერის უდიდესი ენერგიისა და უპირობო პროფესიონალიზმით დამთავრებული, ნამდვილად ხუთვარსკვლავიანი გახლდათ. გასაოცარი მომენტი იყო, როდესაც დრამერმა სოლო შეასრულა და ბოლოს დიდ ეკრანებზე, რომლებიც სცენაზე იყო დამონტაჟებული, 50-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯგუფის მიერ გამოცემული ალბომების ყდები ერთიმეორის მიყოლებით გამოისახა…

ერთ-ერთი შთამბეჭდავი ეპოზიდო გახლდათ, როდესაც „სკორპიონსის“ სოლისტმა ერთ-ერთ მაყურებელს საქართველოს დროშა გამოართვა, ის მხრებზე მოისხა და ერთი სიმღერა სწორედ ასე შეასრულა, რამაც დარბაზიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„სკორპიონსის“ თაყვანისმცემლისთვის 20 აგვისტო გამორჩეული დღე იყო. დარბაზიდან გამოსული მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა, ბევრისთვის ეს დღე ნოსტალგიასთან ასოცირდებოდა, ახალგაზრდა მსმენელისთვის კი დაზეპირებული ჰიტების „გადამეორების“ საშუალება იყო. თავად ჯგუფის წევრებიც კმაყოფილი იყვნენ კონცერტით და საქართველო მეორე დღეს სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატოვეს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები