LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების საქმის გამოძიების ვერსია სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება – კობაურის ადვოკატი

134

მალხაზ კობაურის ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრეს.

მათი თქმით, გამოძიების ვერსია, რომ ხადას ხეობაში მალხაზ კობაურმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ქარწყლდება.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი.ამასთან, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებულია 3-4 გასროლა.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა არ აღენიშნება. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული,“ – განაცხადა მალხაზ კობაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

ამის გამო, კობაურის კიდევ ერთი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ითხოვს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, გამოძიება შეწყდეს.

მისივე თქმით, მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი.

ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.

ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი, კომპლექსური ექსპერტიზა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოში წავა. წინა სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები