LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფია ბზეკალავა: „ასტროლოგია მკითხაობა არ არის…“

2557

სოფია ბზეკალავასთან ჩვენს ინტერვიუს სასტუმრო „კოსტემ“ უმასპინძლა. ასტროლოგი ძალიან დაკავებულია პირადი კონსულტაციებით, მასთან ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანი სტუმრობენ, რომელთათვისაც სოფიას რჩევები გამოსადეგი და მნიშვნელოვანია, პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის დაგეგმვაში. ჰყავს ცნობილი კლიენტებიც, რომელთა ვინაობას, რა თქმა უნდა, ასაიდუმლოებს.

სოფიას ნეირო-ლონგვისტური პროგრამირების სპეციალისტთან ერთად სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსების იდეა და სურვილი აქვს, სადაც ადამიანებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ.

ასტროლოგიის და მისი როლის შესახებ სოფიამ fortuna.ge-სთან ისაუბრა.

რატომ გახდა ამ ბოლო დროს ასტროლოგია მოდური საქართველოში?

სოფია ბზეკალავა:

ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია – ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, მეტი გაიგონ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე, გაუჩნდათ ამბიცია, მეტს მიაღწიონ და ასტროლოგის მეშვეობით შეიძლება, საკუთარი ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეები ამოიცნო, შემდეგ კი ნაკლის გამოსწორებაზე და პოზიტიური მხარეების უფრო წინ წამოწევაზე იმუშაონ.

არსებობენ ადამიანები, რომელთაც უჭირთ და პრობლემები აქვთ. როცა ადამიანს უჭირს, მაშინ ახსენდება ეკლესია, ასტროლოგი თუ ფსიქოლოგი. ვსაუბრობ ხალხზე, რომლებიც ჩიხში არიან. ასტროლოგს შეუძლია, გამოსავალი გაპოვნინოთ, მაგრამ თუკი მასთან მიდიხართ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება დაალაგოს, არასწორი მიდგომაა. ვერც ერთი ასტროლოგი ვერ იცხოვრებს თქვენი ცხოვრებით. ასტროლოგი ხედავს, რატომ იწყება პრობლემები ადამიანების ცხოვრებაში, რადგან შეუძლია დაინახოს  მიზეზ-შედეგობრივ კავშირები. ის შესაძლებლობას გაძლევთ, შეიცვალოთ აღქმა პრობლემების მიმართ და იმუშაოთ მათ გამოსწორებაზე.

რეალურად ყველაფერს ადამიანის თავისუფალი ნება ცვლის. ერთსა და იმავე წრეზე ივლით, თუკი რაღაცის შეცვლის სურვილი არ გაქვთ. არ მინდა, ასტროლოგიას მცდარად შეხედონ, ეს არ არის პანაცეა, არც მკითხაობა. რამდენად სწორად დგამთ ნაბიჯებს მორალური კუთხით და რამდენად სწორ არჩევანს აკეთებთ, ეს განაპირობებს, რა მოგეცემათ ცხოვრებაში, რა მოვლენები განვითარდება. თუკი მუდამ ჩაქუჩით ხელში ივლით, არ გაგიკვირდეთ, რომ ყველგან ლურსმნები შეგხვდებათ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები ზარმაცები არიან და ეზარებათ საკუთარ თავზე მუშაობა…

რას ნიშნავს საკუთარ თავზე მუშაობა?

როცა ადამიანის პირად ჰოროსკოპს ჩავხედავ, ვნახულობ, რა თვისებები აქვს დასამუშავებელი და რა ვერ გამოიმუშავა წინა ინკარნაციის დროს მისმა სულმა. ზოგი მშვენივრად ხვდება, რომ რაღაც ეშლება და ბალანსს ვერ იცავს. პირად ჰოროსკოპში არსებობს კარმული წერტილები, აღმავალი და დაღმავალი კვანძები. დაბადებისას, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ორ თასს გვაძლევენ ხელში, ერთი რაღაცით სავსეა, მეორე ცარიელი. შევსებული თასი ჩვენი დაგროვებული გამოცდილებაა, რომელზე დაყრდნობითაც ახალი თასი უნდა შევავსოთ. ანუ ვიბადებით კონკრეტული უნარებით, მაგრამ სავსე თასიდან ცარიელი თასის ავსების პროცესი მტკივნეულია, მუშაობა სჭირდება და არ არის ადვილი. ვიღაცის ცხოვრებაში ეს შეიძლება გამოვლინდეს პრობლემებით პარტნიორულ ურთიერთობებში, ან მშობლებთან ურთიერთობისას, კარიერასა თუ ჯანმრთელობაში. ასტროლოგი ეხმარება ადამიანს, გაიაზროს პრობლემები და არ თქვას, რომ ბედი შუბლზე აწერია, რადგან ეს ასე არ არის. მინახავს ძალიან რთული პირადი ჰოროსკოპები, მაგალითად, ლიონელ მესის, რომელიც ჰოროსკოპით აუცილებლად უნდა ყოფილიყო შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი, მაგრამ მას ჰქონდა იმის ნება, რომ ყოფილიყო კარგად. ყველაფერს ეს განაპირობებს, როცა ამბობ „მინდა“, აბსოლუტურად ყველა კარი იღება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამით სხვებს არ აზიანებდე… ადამიანს რა განვითარების გზა აქვს და რა უშლის ხელს, ეს ჩანს პირად ჰოროსკოპში.

ბევრი ადამიანი კონკრეტული ზოდიაქოთი იბადება, მაგრამ არ ახასიათებს ამ ზოდიაქოს თვისებები…

სწორედ ამიტომ აქვს მნიშვნელობა პირადი ჰოროსკოპის გაკეთებას – ეს არის პლანეტების განლაგება იმ პერიოდში, როდესაც ადამიანი დაიბადა. იმიტომ ვართ ადამიანები განსხვავებულები, რომ იდენტური ჰოროსკოპები თითქმის არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ტყუპებსაც კი არ აქვთ ერთნაირი ჰოროსკოპები, მათი დაბადებისას რამდენიმეწუთიანი განსხვავების გამო. ეს არის ალგორითმი, რომელსაც ასტროლოგები ვთაგრმნით და პირადი ჰოროსკოპით ვნახულობთ, როგორ ადამიანთან გვაქვს საქმე. პირადი ჰოროსკოპი ძალიან დიდ ინფორმაციას შეიცავს. მე, პირადად, ერთ დამკვეთთან, საათნახევარი-ორი საათის განმავლობაში მაქვს კონსულტაცია და ვეხებით ძირითად ნაწილს, პირადი, კარიერა, ჯანმრთელობა, შვილები, მშობლები… თუმცა ამის იქით არსებობს კიდევ უამრავი სფერო, რაზეც საუბარი შეიძლება. ასტროლოგია ამოუწურავი მეცნიერებაა, მეც უამრავ რამეს ვსწავლობ ყოველდღიურად. საკუთარი პირადი ჰოროსკოპი დეტალურად მაქვს შესწავლილი და სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიყენებ. ზუსტად ვიცი, რატომ მაქვს ესა თუ ის პრობლემა და ვცდილობ, აქედან გამორჩენა ვნახო (იღიმის). უპრობლემო ცხოვრება არავის აქვს და ვერც ჩვენ გვექნება. თავისი წილი ჯვარი ყველას აქვს სატარებელი, მაგრამ ასტროლოგიის საშუალებით ბევრ  რამეს გაგებით მოეკიდებით.

პირად ჰოროსკოპში ადამიანის გარდაცვალება თუ დაგინახავს?

დამინახავს, მაგრამ ასტროლოგებს გვაქვს ეთიკის კოდექსი. არასდროს უნდა უთხრა ადამიანს ისეთი რამ, რაც მას დააპროგრამებს. როცა ასტროლოგი ცხრა სწორ რაღაცას გეტყვის, მეათე რომც მოგატყუოს, მაინც დაიჯერებ. შესაძლოა, ადამიანს ისეთი რამ უთხრა, რაც მის სულიერ ტრავმირებას გამოიწვევს. არსებობს პერიოდები, როცა სასიკვდილო საფრთხე არის გააქტიურებული, არსებობს პერიოდები, როცა საფრთხე გადაივლის. მინახავს ადამიანები, რომელთაც გაუვლიათ ასეთი პერიოდები. ყოფილა მათ ცხოვრებაში ოპერაციები თუ ავარიები, მაგრამ მათ არ გაუცნობიერებიათ, რომ სიკვდილის საფრთხე ჰქონდათ. იცი, რაზეა დამოკიდებული, როდის გადავა ადამიანი მიღმა სამყაროში? იმაზე, რამდენად სწორად ვითარდება. თუკი სამყარო ხედავს, რომ ვერ ვითარდები და ერთ ადგილს ტკეპნი, შეგიწყვეტს არსებობას, რათა მომდევნო ინკარნაციაში მოგიყვანოს, სხვა ადგილას. გარდაცვალების საფრთხის შესახებ პირდაპირ არასდროს ვეუბნები ადამიანს, მაგრამ შეიძლება გავაფრთხილო, რომ ვთქვათ, ფრთხილად იყოს საჭესთან.

ასეთი რაღაცები არ გთრგუნავს?

პრაქტიკის პირველ წლებში ძალიან მთრგუნავდა. დღეს, როცა ჩემთან შეყვარებული წყვილი მოდის და ვნახულობ, რომ ისინი ცალ-ცალკე გააგრძელებენ ცხოვრებას, მიჭირს, მათ მომავალზე ვესაუბრო. იმასაც ვერ ვეტყვი, რომ დაშორდებიან, მაგრამ ველაპარაკები პრობლემებზე, რაც შეიძლება შეხვდეთ. ასტროლოგიურად, გარდაცვალების გარდა, ყველაფრის კორექციაა შესაძლებელი, მათ შორის ოჯახის დანგრევის თავიდან არიდებაც. ადრე ძალიან ვნერვიულობდი და ღამე არ მეძინა, ახლა მივეჩვიე. ასტროლოგის პროფესია რთულია. ის გასწავლის ყველაზე დიდი მტერის, შიშის დამარცხებას. ბევრი ჩემი ახლობელი გამიფრთხილებია, რომ პრობლემა ექნებოდათ და მობილიზებულები შეხვედრიან იმ პერიოდს. ეს ასტროლოგიის კარგი მხარეა.

ადამიანს რომ რენტგენივით ხედავ, პირად ცხოვრებაში ხელს არ გიშლის?

ძალიან, მაგრამ დაახლოებით ვიცი, როგორი ადამიანი იქნება ჩემ გვერდით და ისიც ვიცი, სად უნდა შემხვდეს, ასე რომ, როცა მას შევხვდები, ზუსტად მეცოდინება და მივიღებ ისეთს, როგორიც იქნება. მანამდე თუ ურთიერთობა მექნება, ესეც არ არის პრობლემა, რადგან გამოცდილებას გაძლევს და არ არის აუცილებელი, ყველა ურთიერთობა დაოჯახებით დასრულდეს (იღიმის). ყველას თავისი კარმა აქვს, ზოგს დასამუშავებელი. შესაძლოა, სამი ქორწინება გაიარო, სანამ შენს იდეალურ მეწყვილეს შეხვდები… ეს ცხოვრებაა.

აგრესია თუ ყოფილა შენ მიმართ შენი პროფესიის გამო?

ყოფილა, მაგრამ ბევრჯერ არა. ვცდილობ, აგრესიულ ადამიანებს გაგებით მივუდგე, ვიცი, რომ მათ პრობლემა აქვს, უკმაყოფილოა, ვუყურებ, როგორც ავადმყოფს და არ ვბრაზდები. ვინც არ იცის ასტროლოგია, ფიქრობს, რომ მკითხავი ვარ, უკითხავთ, რატომ აკეთებ ამასო… ერთ ჟურნალისტს ჰქონდა ჩემთან ფლირტის მცდელობა, უარის მიღების შემდეგ დაწერა ნეგატიური სტატია, მაგრამ რეაქცია საერთოდ არ მქონია, მოგონილი რაღაცები ეწერა. ჩემი ფოლოსოფია ასეთია, აგრესიას აგრესიით არასდროს ვპასუხობ.

სახალისო ამბები შენი პრაქტიკიდან…

ძირითადად, ჩემთან მოდიან ადამიანები, ვინც მეტ-ნაკლებად იცის, რა უნდა და ერკვევა ასტროლოგიაში. ერთხელ მოვიდა ქალბატონი, რომელმაც დამაგეგმინა საკეისრო ისეთ დროს, რომ პატარა ფეხბურთელი გამოსულიყო. მამა ფეხბურთელი ჰყავს და მინდა, ამ სპორტს გაჰყვესო (იცინის). სასაცილოა, მაგრამ არ არის უტოპია. ასტროლოგიაში არსებობს მოცემულობა, პლანეტების თავმოყრა პირად ჰოროსკოპში, როცა ადამიანს ამა თუ იმ სფეროში დიდი ნიჭი ექნება. არ ვიცი, რამდენად ცნობილი ფეხბურთელი გამოვა, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ მიდრეკილება ნამდვილად ექნება სპორტის მიმართ.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, ჩემთან მოვიდა საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსანი, რომელსაც უკან ჰქონდა მოტოვებული სამი ქორწინება. ვუთხარი, რომ წელიწადნახევრის შემდეგ შეხვდებოდა ქალს, რომელთან ერთადაც იქნებოდა. მანამდე მის სამ ყოფილ ცოლზე ბევრი რამ ვუთხარი, ბოლოს ხუმრობით მითხრა, წელიწადნახევარში რომ არ შევხვდე და ახლავე მოვძენო, იქნებ, პირად ჰოროსკოპში მისი ნომერი ან მისამართი ჩანდესო (იცინის).

პირად ცხოვრებაში ცვლილებაც ადამიანის არჩევანზეა დამოკიდებული, ასტროლოგს შეუძლია გითხრას მომგებიანი პერიოდის შესახებ, მაგრამ ნაბიჯი თავად უნდა გადადგა. ისევე, როგორც ჰოროსკოპში არსებობს მილიონერების ასპექტი, მაგრამ იმ კონკრეტულ სფეროში თუ არ წახვედი და იქიდან არ დაიწყე ფულის შოვნა, სხვა სფეროდან მილიონერი ვერ გახდები… აქ ეგონებელობასაც აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, თუ ხარ ლომი, ვერძი, თხის რქა, უფრო მეტს მოახერხებ, ვიდრე მერწყული და სასწორი. მერწყული კოლექტივისტი ნიშანია, მარტო არაფრის კეთება არ უნდა, სასწორი კი პარტნიორული ნიშანია და მის გარეშე არ უნდა არაფერი… მათ უნდა იმუშაონ საკუთარი ნებელობის გაძლიერებაზე, რაც ყველას შეუძლია.

არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაში ძალიან დიდი განსაცდელების შემდეგ მოდის დიდი აღმაფრენები, ზოგის ცხოვრება კი საშუალოდ მიედინება. ეს რაზეა დამოკიდებული?

ჩვენმა სულმა წინა ინკარნაციაში რა გამოცდილება და ცოდნა დააგროვა, ეს ამაზეა დამოკიდებული. ბედის სირთულე განპირობებულია, რა ასაკისაა ჩვენი სული. რაც უნდა რთული ჰოროსკოპით იყოთ დაბადებული, არავინ შეგაშინოთ, რაც მეტი შინაგანი კონფლიქტია, განვითარების მეტი შანსია. ყველაზე მეტისთვის ვისაც მიუღწევია, ცნობილი ადამიანებიდან, ყველას ურთულესი პირადი ჰოროსკოპი აქვს. ასე რომ, სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „კოსტე“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები