LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის საკითხები განიხილეს

57

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფერმერთა რეესტრის საკითხები განიხილეს და ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმის მიმდინარე სტატუსზე იმსჯელეს.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  მინისტრის მოადგილეები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე   აღინიშნა, რომ ფერმერთა რეესტრის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალობის და სამინისტროს მიზნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  ევროკავშირთან  აღებული  ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად აქტიურად მუშაობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები  უკვე არსებობს.  შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანი ბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს  წარმოაჩენს. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს  მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი.

შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა რომელიც შეიქმნება იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც  ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეესტრის ჩამოყალიბების ყველა  ეტაპზე გათვალისწინებული იქნება  ის მიზნობრიობა, რისთვისაც  ამ რეესტრის გამოყენება მოხდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები