LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია მოდის კვირეულების კონკურენციაზე: „ვერ გავამტყუნებ მათ, ვინც ჩვენ გვირჩევს…“

1041

სოფო ჭყონია ქართული მოდის სფეროს ხელშესაწყობად გარკვეული პერიოდია, „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს“ აწყობს, ეს საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში შემოვიდა. როგორც სოფო ხუმრობით ამბობს, ღონისძიებას საკმაოდ დიდი სახელი აქვს, თუმცა ამბიციაც არანაკლებია. „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისის“ მთავარი მიზანია, ქართველ დიზაინერებს უცხოური ბაზრისკენ გზა გაუკვალოს და როგორც „ფორტუნას“ რესპონდენტი ამბობს, მეორე წელია, დიდი დაინტერესებაც იგრძნობა.

სოფო ჭყონია:

„მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისის“ ახლანდელი სეზონი გაიმართება 3-7 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობს 40-მდე დიზაინერი, მათ შორის რამდენიმე ახალი სახეცაა ჩვენი პროექტისთვის. მისი მიზანია საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარება. უფრო სანახაობრივი დატვირთვა ჰქონდა მოდას დღემდე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ დიზაინერებს ქვეყნის გარეთ კარგი გაყიდვები აქვთ. ამ სფეროს სპონსორები და სახელმწიფო სერიოზულად არ აღიქვამდა. ქართველი დიზაინერების პოპულარიზაციის გარდა, გვინდა, თბილისი დამკვიდრდეს რეგიონში მოდის დედაქალაქად. ამის პოტენციალი აქვთ როგორც დიზაინერებს, ასევე ქალაქსაც. უცხოური მედიისა და ბაიერების მხრიდან დიდია ინტერესი.

dsc_8552დემნა გვასალიას წარმატებამ ხომ არ განაპირობა ინტერესი ქართველი დიზაინერების მიმართ?

 ესეც არის, დემნას წარმატება და ჩვენი პროექტის დაწყება ერთმანეთს დაემთხვა. მისმა ფაქტორმა ყურადღების მისაქცევად დიდი როლი ითამაშა, თუმცა არა მხოლოდ მან, – ბევრი სხვა ნიჭიერი დიზაინერია საქართველოში და ბუნებრივიც იყო, რომ ისინი ყურადღებას მიიქცევდნენ.

სამუშაო პროცესში გამოიკვეთა, რომ ყველა დიზაინერს აქვს თავისი ნიშა, შესაძლოა, ცნობილი ბრენდების გავლენის ქვეშ არიან და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ერთმანეთის კოპირებას აღარ ახდენენ. კოლექციებს წინასწარ ვნახულობთ, დიდი სამუშაო მიმდინარეობს, რომ ქართველმა დიზაინერებმა მიაღწიონ ხარისხს, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვთ. სეზონიდან სეზონამდე ხარისხი უმჯობესდება. ამისთვის საჭიროა სერიოზული ბაიერების დაინტერესება, რომ კოლექციების გაყიდვა დაიწყონ.

ზოგადად, ხარისხის მისაღებად დიდი თანხებია საჭირო, ქართველ დიზაინერებს კი ჯერჯერობით არ აქვთ სათანადო სახსრები. ზოგადად, როცა დიზაინერობას გადაწყვეტ, უნდა იყო მზად ინვესტიციების მოსაზიდადაც. ეს მნიშვნელოვანია.

როცა ეს პროექტი დავიწყე, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. ახლა, როცა ვუყურებ, როგორ მუშაობენ დიზაინერები საკუთარ კოლექციებზე, ძალიან მომწონს და ოპტიმიზმიც გაჩნდა. ახლა უკვე ეს სფერო არსებობს და ეს არ არის ამბიციური განაცხადი. დიზაინერებსაც არ სჯეროდათ, როცა ვეუბნებოდით,  ცნობილი ჟურნალისტები ჩამოვლენ და საერთაშორისო პიარს გაგიკეთებთ-თქო, ბევრი დაჰპირდა და არ გამოვიდა. კვირეულის მეორე სეზონიდან უამრავი საერთაშორისო გამოცემიდან, ამერიკული „ვოგიდან“ დაწყებული, არ ვიცი, კიდევ რამდენი უნდა დავასახელო, ასევე ცნობილი სავაჭრო ცენტრებიდან გვიკავშირდებიან და ითხოვენ ქართველ დიზაინერებთან შეხვედრას. რეგიონში, და ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი, საუკეთესოები არიან.

dsc_8546 მიიჩნევთ კონკურენტად თბილისის მოდის კვირეულს? გიორგი შაღაშვილი და თამუნა ინგოროყვა თქვენთან გამოდიან და კოლექციებს არ აჩვენებენ თბილისის მოდის კვირეულზე. დაარქმევდით ამას დიზაინერების გადაბირებას?

 გამჭირდება ამაზე საუბარი. როცა რაღაცას ვაკეთებ, მით უმეტეს, ამხელა პროექტის მზადებისას, ნაკლებად ვადევნებ თვალს, ვინ რას აკეთებს. დიზაინერებს არ ვიბირებთ, ისინი თავად დაინტერესდნენ ჩვენი პროექტით. ალბათ, მათ უნდა ჰკითხოთ, რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი. ეს ორი სხვადასხვა პროექტია – ჩვენი არის საერთაშორისო ბრენდი, თბილისის მოდის კვირეული – ადგილობრივი. რთულია მათი შედარება, რადგან საერთაშორისო ბრენდს ბევრი რამ უდგას უკან. ვერ გავამტყუნებ დიზაინერებს, რომლებიც ჩვენს პროექტს ირჩევენ. არსებობის უფლება ყველას აქვს. თბილისის მოდის კვირეული უფრო ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი, თბილისელების შეხვედრის ადგილია, რაც აუცილებელია, „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკ თბილისი“ კი გლობალურ მიზნებზეა ორიენტირებული, რაც განსხვავდება იმისგან, რასაც ასე ვთქვათ, ჩვენი ოპონენტი აკეთებს საქართველოში.

სოფო, საკმაოდ შრომატევადია პროექტი. საქართველოში არ ცხოვრობთ და როგორ ახერხებთ აქ საქმიანობას?

 საქართველოში თან ვცხოვრობ, თან – არა. დროის განაწილება ვისწავლე. ყოველდღე ბევრი იდეა მომდის თავში და მათი განხორციელება მინდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შედგეს. როცა რაღაც ძალიან გინდა, აუცილებლად გამოდის (იღიმის).

 გადაღების ადგილი: „ამბასადორი“ თბილისი

 ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები