LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნარჩემაშვილი: „მეექვსედ თუ მეშვიდედ ვიწყებ ყველაფერს ნულიდან…“

6836

სოფო ნარჩემაშვილმა ორი დღის წინ „იმედის“ „დღის შოუ“ დატოვა. მისი მიმართვა, სადაც მაყურებელს დაემშვიდობა, ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი იყო.

გადაცემის დატოვებიდან მეორე დღეს Fortuna.ge ტელეწამყვანს მისი შვილის კაფეში შეხვდა, სადაც დიასახლისის ამპლუას ირგებს. როგორც გვითხრა, ეს ადგილი ისე უყვარს, არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღით მიმტანის ფუნქციაც მოირგოს.

რაც შეეხება შემოთავაზებებს, რამდენიმე შეთავაზება უკვე მიღებული აქვს. სოფოს ტელევიზიაში დაბრუნება აღარ სურს და როგორც თავად აღნიშნა, სახელმწიფო სამსახურში თავს უკეთ იგრძნობს.

ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობეთ მაყურებელს, რომელსაც „იმედის შოუდან“ რამდენიმე წლის განმავლობაში ესალმებოდით…

სოფო ნარჩემაშვილი:

რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება. მომხრე ვარ იმისა, რომ რაღაც ახალი და კარგი დაიწყოს. რამდენიმე მიმართულებით ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა იქნება.

„იმედზე“ ახალი ფორმატი იქნება, სადაც საკუთარ თავს ვერ ვხედავ. ბევრი რამ იცვლება, მათ შორის ის გადაცემა, რომლის წამყვანიც გახლდით. ოთხი წელი ვიმუშავე „დღის შოუში“ და ვფიქრობ, რომ ის იყო წარმატებული, ჰყავდა თავისი მაყურებელი და მადლობა მათ. არ ვარ სოცქსელების აქტიური მომხმარებელი, მაგრამ არასდროს მიმიღია მათგან უარყოფითი კომენტარები. მოგეხსენებათ, რა ხდება სოციალურ ქსელებში და როგორ აკრიტიკებენ ადამიანებს. სანამ არის ჩემდამი დადებითი დამოკიდებულება, მინდა, ასე დარჩეს.

ანუ თავად დატოვეთ გადაცემა?

მოდი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. ზედმეტი რაღაცებით აღარ დავინტერესებულვარ. სხვა გზა გამომიჩნდა. ჩემი კარიერა ტელევიზია არასდროს ყოფილა. 30 წელი სახელმწიფო სტრუქტურებში ვმუშაობდი და მინდა, დავბრუნდე, გავაკეთო რაღაც ღირებული, რაც ჩემს ასაკსა და მდგომარეობას შეეფერება.

ტელევიზიას დაემშვიდობეთ?

ასე გამოდის. ტელევიზიაში ჩემს თავს დღეს ვერ ვხედავ. წარსულზე გული არასდროს მწყდება, რადგან უკეთეს მომავალს ვხედავ. მექვსედ თუ მეშვიდედ ვიწყებ ნულიდან ყველაფერს… ახალი ყოველთვის ყველაფერი საინტერესოა…

ბევრჯერ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, როცა რაღაც დაინგრა და თავიდან მოგიწიათ აშენებამ, ბრძოლამ?

საერთოდ, ცხოვრება ბრძოლაა… ზოგ შემთხვევას ჩამონგრევას ვერ დავარქმევ, ზოგჯერ კი მქონია პერიოდები, როცა არ ვიცოდი, მეორე დღეს რა უნდა მეკეთებინა, როგორ უნდა გამეტანა თავი შვილებთან ერთად. ყოფილა დრო, როცა მე მიმიღია გადაწყვეტილება, ზოგჯერ – სხვას, მაგრამ ყველაფერი ჩემ სასიკეთოდ ხდებოდა. როცა ახლის გეშინია, მაშინ სრულდება ცხოვრება, თორემ ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა.

ჩემთვის ტრაგედიაა, როცა ახლობლებს რაიმე სტკივათ. რამდენიმე დღის წინ ჩემს პატარა შვილიშვილს რაღაც წამოსტკივდა და იყო საშიშროება, რომ სერიოზული რამ ყოფილიყო, მაგრამ ღმერთმა დაიფარა და არაფერი აღმოჩნდა. ეს იყო ზღვარი და მივხვდი, რომ დანარჩენს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. როცა ორი ჯანმრთელი შვილი და ოთხი არაჩვეულებრივი შვილიშვილი გყავს, კარგი გარემო, ავტორიტეტი, სახელი გაქვს, რისი უნდა გეშინოდეს? პირიქით, არაფრის მეშინია. არც დეპრესიული ვარ. ეს მიუღებელია. ჩემს მეგობრებს მუდამ ვეუბნები და შვილებსაც, როცა რაღაც დამთავრდება, დაასრულეთ და გადაფურცლეთ შემდეგ თავზე. ეს არის ცხოვრების კანონზომიერებაა.

თქვენც ასე იქცევით, რთული პერიოდების მიუხედავად…

რასაკვირველია. 36 წლის ასაკში გარდამეცვალა მეუღლე, დამრჩა ორი შვილი და ხელფასი მქონდა დაახლოებით 200 ლარი. როცა მეუღლე დავკრძალე, დავჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა მეორე დღეს. გამოჩნდა, რა უნდა მეკეთებინა, უკეთესი და უკეთესი. არ მქონდა დარდისა და ტირილის დრო. სხვა გზა არ იყო. ორი შვილი უნდა გამეზარდა და მომავალზე მეფიქრა. მადლობა ღმერთს, გაიზარდნენ და ახლა იქით მეხმარებიან, არ მაქვს საფიქრალი საყოფაცხოვრებო საკითხებზე.

დღეს სამსახურის დაკარგვა არ არის ადვილი…

ნამდვილად არ არის. ძალიან ძნელია და მარტივად გადასატანი არ არის, მაგრამ არის მეორე მომენტიც – როცა გაქვს სტაბილური შემოსავალი, ხელფასს ელოდები და ზარმაცდები, არაფერს აკეთებ. ამას მაშინ უფიქრდები, როცა ყოველთვიურ შემოსავალს კარგავ. მეტი შემიძლია და ცუდი ამაში არაფერია. მიჩვეული ვარ ჩემს შემოსავალს და ამაზე, რასაკვირველია, ვფიქრობ, მაგრამ ორი-სამი კვირა მინდა, ჩემს შვილიშვილებთან გავატარო. „იმედის“ ბოლო ეთერის შემდეგ პირდაპირ მათთან წავედი. ჩემს ქალიშვილს ტყუპი ჰყავს, გოგონა და ბიჭი, ჩემს ვაჟს ორი ბიჭი ჰყავს. გოგონა მე მგავს ძალიან და ის ყველაფერის წამალი, ბებიას ლამაზმანია, ასე ვეძახი (იღიმის). სალომე ჰქვია. ცისფერთვალება და ფუმფულაა, მამამისი ეძახის ქუნქულას და შერჩა ეს სახელი, ყველა ქუქუშკას ეძახის.

მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობეთ და გული არ დაგწყდათ?

რა თქმა უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ოთხი წელი ერთად გავატარეთ, კოლექტივს ძალიან მივეჩვიე…  როცა ადამიანებს ყოველდღე ხედავ და შემდეგ აღარ გაქვს ამისი საშუალება, ეს ადვილი არ არის… ვინც გადაცემაში დარჩა, მათი წარმატება მხოლოდ გამიხარდება.

სოფო, რა გეგმები გაქვთ? ხართ ჩართული შვილის კაფეს მენეჯმენტში?

აქამდე არ მქონდა ამის დრო. მიყვარს კეთება და საკმაოდ კარგ რაღაცებს ვამზადებ. ამ კაფეში ჩიზქეიქი ჩემი რეცეპტით მზადდება. ვასიკოს ვეხვეწები, რომ მიმტანად მამუშაოს. სანამ სერიოზულ საქმეს დავიწყებ, ვაპირებ, რომ მიმტანად ვიმუშავო. ჩემი შვილი, ვასიკო, რაღაცებს მიჯერებს, რაღაცებს – არა, მაგრამ მინდა, ჩემი დრო ახლა ამ საქმეს მოვახმარო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ დავრჩები. არ ვმალავ იმას, რომ მინდა ისეთი საქმის წამოწყება, რაც მომცემს შემოსავალს, მინდა, ფული დავაგროვო და ვიფიქრო სიბერეზე (იღიმის)…

ვიცი, რომ ახალ სახლში აპირებთ გადასვლას…

დიახ, ახლა რემონტი მაქვს. ახლა ჩემს ბიჭთან ერთად ვცხოვრობ კერძო სახლში, რომელიც არაჩვეულებრც ადგილასაა, ჩემი აშენებულია და ძალიან მიყვარს. ის სახლი ვასიკოს დარჩება. ერთი სული აქვს, როდის მომიშორებს (იცინის). გადავალ იქვე ახლოს, ბინაში. ასეთი საყოფაცხოვრებო ამბებით ვარ დაკავებული, რემონტს დავასრულებ მალე. გარდა ამისა, მშურს ადამიანების, რომლებმაც ბევრი ენა იციან, ამიტომაც ეს დრო მსურს, გამოვიყენო ჩემი ინგლისურის გასამყარებლად.

„დღის შოუს“ ბევრი დრო მიჰქონდა?

დღის განმავლობაში ტელევიზიაში ვიყავი, სამ საათამდე. შინ არ მყავს დამხმარე, სახლის საქმე მთლიანად ჩემი გასაკეთებელია, გამორიცხულია, შვილიშვილები რომ არ ვნახო, ამას პლუს თავის მოვლა, რადგან არავინ გაძლევს საშუალებას, როცა ეკრანზე ხარ, ცუდად გამოიყურებოდე, ამას დავუმატოთ ჩვენი პატარა ბიზნესი და დრო, რასაკვირველია, არ მყოფნიდა.

ალბათ, ბევრი კომპლიმენტი გსმენიათ საკუთარ გარეგნობაზე, შესანიშნავად გამოყურებით, გაქვთ რაიმე საიდუმლო?

საიდუმლო ისაა, რომ არ უნდა იყო შურიანი (იღიმის). შური და ბოროტება აბერებს. გენეტიკაც მნიშვნელოვანია, დედაჩემი 76 წლისაა და ჩემზე კარგად გამოიყურება, ბებიაჩემიც ასე იყო. ჩვენს ჯიშში არ გვყავს მსუქანი ადამიანი, დამიჯერებთ, რომ ერთ სადილზე ერთი პურის შეჭმა შემიძლია? და წონის პრობლემა არასდროს მქონია. არ გეახლებით მხოლოდ ტკბილს. სახე ერთი 10 წელია, არ გამიწმენდავს, თმასაც და ფრჩხილებსაც თავად ვიკეთებ, ასევე მაკიაჟს. არ მაცვია ბრენდი… ცოტა რომ ვუვლიდე თავს, ალბათ, უფრო უკეთესი შესახედავი ვიქნებოდი. ვაპირებ, რამდენიმე წლის შემდეგ პლასტიკური ქირურგი დავიხმარო და სახე გადავიჭიმო. ასაკში რომ შედიხარ, კანი ბერდება და ამას ვერავინ გაექცევა. იმის მომხრე ვარ, რომ ცოტა ადამიანურად დაბერდე. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ყველას ეტყობა. ზომიერება მნიშვნელოვანია.

შინაგანი კულტურა არსებობს, რომ 50 წლის ასაკში როგორი კარგი სხეულიც უნდა გქონდეს, მინიქვედაბოლო არ ჩაიცვა, არ მოირგო კონკრეტული ვარცხნილობა. მეც მაქვს დაწესებული იდეალური ჩაცმულობა, პიჯაკი და შარვალი, 7 წელი დიპლომატიური კარიერა მქონდა და ამას მივეჩვიე. კიევიდან რომ დავბრუნდი, აღმოვაჩინე, რომ პიჯაკისა და შარვლის გარდა სამოსი არ მქონდა (იღიმის). ლაპარაკის მანერაც კი სხვა მქონდა, როგორც დიპლომატი, სწავლობ იმას, რომ ბერვჯერ დაფიქრდე, სანამ რაღაცას იტყვი, გადაცემაში კი ყველაფერზე უნდა ილაპარაკო და ბევრი… ამაზე ძალიან ბევრი ხანი ვიწვალე. ახლა, მგონი, ისევ უკან უნდა დავბრუნდე (იღიმის).

ხომ არ გაქვთ შემოთავაზება რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურიდან?

არის რაღაც შეთავაზებები და დავფიქრდები. არ გამოვრიცხავ დაბრუნებას. გამიმართლა, რომ სახელმწიფო სტრუქტურიდან კმაყოფილი და ბედნიერი წამოვედი.

პირად ცხოვრებაზე შეიძლება გკითხოთ? არის რაიმე სიახლე?

არა. მარტო ყოფნას ძალიან მივეჩვიე. არ ვგულისხმობ ქალებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ. ჩემი ოჯახის წევრები მავსებენ. როცა წიგნს ვკითხულობ ან ფილმს ვუყურებ და ქალებისთვის ტრაგედიაა მარტო დარჩენა, ამაზე ტირიან, ასეთი განცდა არასდროს მქონია. მეორე მხრივ, არ ვამბობ იმას, რომ შეუძლებელია, რა ასაკშიც უნდა იყო, შეგხვდეს ადამიანი, რომელთან ერთადაც იქნები. მე არ შემხვდა ასეთი ადამიანი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და შესაძლოა, სულ მასთან ვავლებდი პარალელს. 54 წლის ვარ და არ ვიცი, ამ ასაკშიც არის თუ არა შესაძლებელი მეორე ნახევრის პოვნა. შეიძლება, მოხდეს. ჯერჯერობით, არავინაა ისეთი, რომელთან ერთადაც ყოფნა მენდომებოდა. ზოგჯერ იმას ვამბობ ხოლმე, ისეთი უზადო რეპუტაცია მაქვს, დროა, ცოტა შევბღალო-მეთქი (იცინის)…

ამ უზადო რეპუტაციას როგორი ადამიანი დაგარღვევინებდათ?

ალბათ, ჩემნაირი (იღიმის).

ჩაგიდენიათ რაიმე სისულელე?

რა თქმა უნდა, სისულელის გარეშე ვის უცხოვრია?!. მაშინ, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი… საერთოდ, რაც ასაკში შევედი, ყველა ჩემს საქციელზე ვფიქრობ, იმაზე, რაც იყო და რას გავაკეთებ ხვალ. ცხოვრებამ მასწავლა, რომ უნდა იფიქრო წინასწარ, რა მოჰყვება შენს ნაბიჯებს, რადგან გყავს შენი წრე, შვილები. ჩემს ნაბიჯებს შვილების თვალით ვაფასებ. ასე ვიცხოვრე და არაფერი წამიგია. როცა ასაკში შედიხარ, ხვდები, რომ შვილებისგან სამაგიეროს იღებ. ამას წინათ, ვასიკოს ველაპარაკებოდი ჩემს ახლობელზე, ვთქვი, რომ მას შვილები უყურადღებოდ მოექცნენ, ვასიკომ მიპასუხა, როგორც თავად გაზარდა შვილები, ისე მოექცნენ მასო. ვგრძნობ, რომ ჩემმა შვილებმა დამაფასეს. ყველანაირ სიყვარულს დამსახურება უნდა. ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები, ალბათ, ისიც დავიმსახურე, რომ ჩემ გვერდით არავინ არ არის.

მეუღლის შემდეგ არავინ ყოფილა, ვისკენაც გულმა გაგიწიათ?

როგორ არ ყოფილა, მაგრამ არ ვნანობ, შვილების გულისთვის დავთმე… როგორც ვთქვით, არაფერი უნდა ინანო. უნდა იფიქრო იმაზე, რა იქნება მომავალში კარგი. ცხოვრება იმდენ გამოცდას გიწყობს, სხვანაირად ვერ იცხოვრებ. არავის უნდიხარ დეპრესიული და ცრემლმდენი, არც შვილებს. ყოველთვის ყველას უნდიხარ, როცა კარგი ხარ და უნდა იყო ასეთი, სანამ ამისი ძალა გაქვს (იღიმის).

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: კაფე „Yamy Yamy

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები