LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“Solo” გრეგორი პორტერისა და ორკესტრის საახალწლო კონცერტს წარმოგიდგენთ

89

“გრემის” ორგზის მფლობელი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჯაზური და ხავერდოვანი ხმის მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, გრეგორი პორტერი თბილისს 12 იანვარს ესტუმრება. ის “სოლოს” მოწვევით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, საახალწლო კონცერტს გამართავს.

ამ წუთებში “სოლოს” ლაუნჯში ჭავჭავაძეზე ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია იმართება. კონცერტის დეტალებზე “სოლოს” წარმომადგენელი, ეკა დუჩიძე და “ისთერნ ფრომოუშენსის” დირექტორი, გიორგი კერესელიძე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ გრეგორი პორტერის ალბომი “Nat King Cole & Me” 2017 წელს გამოიცა. ბოლო ნამუშევარი მუსიკოსმა თავის კერპს, პიანისტსა და მომღერალს, ნეთ ქინგ ქოულს მიუძღვნა. ალბომში სწორედ ქოულის ჰიტებია თავმოყრილი.

https://www.youtube.com/watch?v=IN2JoksZhxc&feature=youtu.be

ბილეთები 21 დეკემბრიდან გაიყიდება, მხოლოდ “სოლოს” მომხმარებლისთვის და ფასი 50 ლარიდან დაიწყება. მას, ვინც არ არის “სოლო”, ბილეთის შეძენის შესაძლებლობა 28 დეკემბრიდან ექნება, ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

ბილეთების შეძენა “სოლოს” ლაუნჯებსა და საიტზე tkt.ge იქნება შესაძლებელი.

ეკა დუჩიძე:

გრეგორი პორტერი საქართველოში უკვე გახლდათ და არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. საახალწლოდ რომ ვარჩევდით არტისტებს და მოვისმინეთ მისი ახალი ალბომი, დავრწმუნდით, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი მსმენელისთვის საახალწლოდ. მით უმეტეს, შედგება საინტერესო კოლაბორაცია ნიკოლოზ რაჭველთან. დარწმუნებული ვარ, მსმენელი დიდ სიამოვნებას მიიღებს.

გიორგი კერესელიძე:

გრეგორი პორტერს ქართველი მსმენელი 2016 წელს შეხვდა. მან დაუვიწყარი საღამო გვაჩუქა. გადაწყდა, რომ ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 12 იანვარს, ისევ ესტუმრება საქართველოს ახალი პროექტით, რომელიც ლეგენდარულ ჯაზმუსიკოსს, ნეთ ქინგ ქოულს ეძღვნება. ის ბავშვობიდან გრეგორი პორტერის მუზა იყო.

რაც მთავარია, ამ კონცერტში, პორტერთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი. ეს იქნება ძალიან ლამაზი სინთეზი. ვიმედოვნებთ, რომ შესანიშნავი საღამო გამოვა. პორტერი მუსიკის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული შემსრულებელია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები