LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრემიერმა ოპოზიციის ლიდერთან მოლაპარაკებები შეწყვიტა

26

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა ოპოზიციის ლიდერთან ნიკოლ ფაშინიათან მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ ერევანში საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება.

„პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნებზე 7-8% მიიღო, არ აქვს უფლება ხალხის სახელით ისაუბროს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სერჟ სარგსიანმა ასევე მოუწოდა ოპოზიციის ლიდერს კანონიერებისკენ და მოლაპარაკებების დარბაზი დატოვა. „ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ შანტაჟია. თქვენ არ შეგიძლიათ სახელმწიფო დააშანტაჟოთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ერევანში სასტუმრო „მერიოტთან“, სადაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სომხეთის პრემიერსა და ოპოზიციის ლიდერს შორის, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებიც სომხეთის პრემიერის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წამოაყენეს. აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები