LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური ფეხბურთის მეფე ჰენრიხ I: ექსკლუზიური ინტერვიუ მანჩესტერის ფეხბურთელთან

174

მუდმივი არაფერია. ფეხბურთში მით უმეტეს. იყო დრო, მაგალითად, თურქულ ფეხბურთს ალმაცერად ვუყურებდით. საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი კი უთუოდ რუსი, უკრაინელი ან ქართველი უნდა ყოფილიყო. დღეს კი სტატისტიკას თუ ჩავუჯდებით, რომელი ექს-საბჭოელი სად თამაშობს ვნახავთ და უდავოა – ჰენრიხ მხითარიანი ყველაზე წარმატებული პოსტსაბჭოელი ფეხბურთელია!

ეს ის ბიჭია, რომელიც ახლა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობს, მანამდე კი „დორტმუნდი“, ასევე კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი მოილია.

ჩვენი ნაკრების უხეირობაზე ლაპარაკისას, აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ გვიხსენებია სომხეთის ეროვნული გუნდი და გვითქვამს, ამათ თუ შეუძლიათ, ჩვენ რატომ ვართ ასეთ დღეშიო. და იქვე თავადვე გაგვიცია პასუხი, სომხებს მხითარიანი ჰყავთო. სომხური ფეხბურთი ბოლო წლებია ძალიან წინ რომ წავიდა და არაერთი კარგი გუნდი დაამარცხა, მიზეზი, სხვაც ბევრი უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში მხითარიანი რომ გვახსენდება, თავისთავად ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში კი – ამ ფეხბურთელის საყოველთაო აღიარებას.

ჰენრიხ მხითარიანს 2010 წელს ერევანში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ აქვს ნათამაშევი. ის მატჩი ჩვენებმა მოიგეს 3:2. იმ პერიოდში მხითარიანი უსახელო დონეცკის „მეტალურგის“ ფეხბურთელი გახლდათ, ჩვენებიდან კი ყველაზე მაღალ დონეზე ჯანო ანანიძე თამაშობდა – მოსკოვის „სპარტაკში“. 2010 წლის შემდეგ თითქმის ხუთი წელიწადი გავიდა და სხვაობაც ხელის გულზე დაიდო: ჯანო დღესაც მოსკოვშია, მხითარიანი – მანჩესტერში და, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, ვარსკვლავებს ეთამაშება…

ჰენრიხ მხითარიანთან დაკავშირება არც ისე იოლი გამოდგა. „მანჩესტერთან“ კონტრაქტის მიხედვით მან პრესასთან ურთიერთობამდე ყოველი სიტყვა პრეს-სამსახურთან უნდა შეათანხმოს. პრეს-სამსახური კი ინტერვიუზე თანხმობას ან იტყვის, ან – არა. თან ლოდინიც ხომ არცთუ სასიამოვნო განცდაა… ჩვენც სხვა ჟურნალისტური ხერხი ვიხმარეთ და სადღეისოდ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე „ურიგოდ“ გავედით.

შედეგი? აგერ, ბატონო, სომეხ ვარსკვლავთან საუბარი დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს გაგვიგრძელდა და რაც გამოგვივიდა, თავად შეაფასეთ…

ფეხბურთში დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, პირველ ყოვლისა მონდომების, რეჟიმის დაცვისა და ოჯახის ხელშეწყობის შედეგია. ფეხბურთის გამო ბევრ სიამოვნებაზე მითქვამს და ვამბობ კიდეც უარს. ისეთს არაფერს გავაკეთებ, ჩემს კარიერას რაიმე ავნოს. დიდ კლუბში ვთამაშობ და ვალდებული ვარ, ბევრი რამ მოვიკლო – გვითხრა ჰენრიხ მხითარიანმა.

მართალია, რომ დონეცკის „შახტარში“ თამაშისას კლუბის ბაზაზე ცხოვრობდი და ბინაზე უარი თქვით?

დიახ, ასე იყო. კლუბმა ბინა მომცა, მაგრამ იმისთვის, რომ ბოლომდე ფეხბურთზე ვყოფილიყავი კონცენტრირებული, ბაზაზე ვცხოვრობდი. ხშირად მარტოც ვვარჯიშობდი.

ვიცით, რომ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები საფრანგეთში გადადგით…

არა, ასე არ არის. რატომღაც წერენ, თითქოს ბურთი პირველად საფრანგეთში გავაგორე, არადა ასე არ ყოფილა. დიახ, შვიდ წლამდე საფრანგეთში ვცხოვრობდი. იქ მამაჩემი თამაშობდა და ოჯახიც იქ ვიყავით. შემდეგ მამა გარდაიცვალა და ერევანში დავბრუნდით. რვა წლისა კი ერევნის „პიუნიკის“ საფეხბურთო სკოლაში მივედი და ჩემი საფეხბურთო კარიერაც იქიდან დაიწყო.

თქვენი არჩევანი მამის ფეხბურთელობამ განაპირობა?

რა თქმა უნდა. მართალია, მაშინ როცა „პიუნიკში“ მივედი, მამა ცოცხალი აღარ იყო, მისი თამაში ვიდეოფირებზე ბევრჯერ მინახავს და ესეც რომა არა, გენებიც ხომ თავისას აკეთებს.

„პიუნიკის“ შემდეგ დონეცკის მეტალურგში წახვედით, მერე „შახტარში“, „დორტმუნდში“ და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ხართ… არადა, ვიცით, რომ ბევრი სხვა გრანდი გიწვევდათ, მათ შორის „დორტმუნდში“ თქვენი მწვრთნელის -იურგენ კლოპის „ლივერპული“… რატომ მაინცდამაინც „მანჩესტერი“?

ვფიქრობ, საკამათო არ არის, რომ პრემიერლიგა ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, „მანჩესტერი“ კი ამ ლიგაშიც და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი. როცა აგენტმა „მანჩესტერისა“ და ჟოზე მოურინიოს ჩემს მიმართ ინტერესზე მაცნობა, ტრანსფერზე დიდხანს აღარც მიფიქრია. თანაც, აქ ჩამოსვლამდე „ოლდ ტრაფორდზე“ ნათამაშევი არც მქონდა. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიდი გუნდის ფეხბურთელი ვარ და ამ ბრწყინვალე სტადიონზე ვთამაშობ.

თუმცა ნაკლები არც დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკია“…

რა თქმა უნდა, დორტმუნდშიც ჩინებული სარბიელია, მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესოც კი… დორტმუნდის სტადიონზე არაჩვეულებრივი საფეხბურთო ატმოსფეროა.

ჟოზე მოურინიო ახსენეთ. „მანჩესტერში“ თქვენს გადასვლაზე მისმა ფაქტორმაც იმოქმედა?

იმოქმედა კი არა, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა „მანჩესტერში“ ჩემი ტრანსფერი. მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდი დიდი გუნდია, მანჩესტერისა და მოურინიოს წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლო.

ფიქრობთ, რომ კარიერის პიკზე ხართ?

დონეცკში თამაშის პერიოდს თუ გავიხსნებთ, როგორც ფეხბურთელი, ცხადია, ძალიან გაზრდილი ვარ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ „მანჩესტერში“ ფორმის პიკზე გავედი. თავს ვატყობ, რომ კიდევ ბევრი და უკეთ თამაში შემიძლია. ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ წინ წავალ.

პრემიერლიგაშია დორტმუნდში თქვენი ყოფილი მწვრთნელი იურგენ კლოპიც. ინგლისში შეხვდით მას?

ახლახან შევხვდი, მაგრამ დიდხანს არ გვისაუბრია, ლივერპული-მანჩესტერის მატჩის წინ მხოლოდ ერთმანეთის მოკითხა მოვასწარით.

შეგიძლიათ ის ორიოდ სიტყვით დაგვიხასიათოთ?

ყველა ფეხბურთელთან მეგობრობს, ბიჭებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს. წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით კი კლოპი კონკრეტული მეტოქის თამაშის მანერის უზუსტესად შესწავლით გამორჩევა. თუმცა შესწავლა ერთია და მისი გადმოცემა მეორე. კლოპს თამაშის ახსნის კარგი უნარი აქვს. როცა ის მეტოქის თამაშს გიშიფრავს, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და კითხვა არავის რჩება… ძირითადად სწორედ ამით აიხსნება კლოპის გუნდების წარმატება, ყოველ შემთხვევაში დორტმუნდში ასე იყო.

მანჩესტერთან შეგუება გაგიჭირდათ? ფაქტია, რომ ინგლისში სისტემატიურად ვეღარ თამაშობთ.

დასამალი რა მაქვს, გამიჭირდა. თავიდან ორი თვე რას ვაკეთებდი თავად არ ვიცოდი. ახალი ქვეყანა, ახალი ქალაქი, ახალი პარტნიორები, მწვრთნელი და ვარჯიშები… ახალი ცხოვრების სტილი… მოკლედ, მანჩესტერში ყველაფერი ახალი დამხვდა. ახლა კი მგონი ადაპტაციის პერიოდი უკან დარჩა და ნელ-ნელა ჩემი საფეხბურთო კარიერა ახალ ეტაპზე გადადის.

მანჩესტერი პრემიერლიგაში ლიდერებს ჩამორჩება. რისი ბრალია ასეთი მოულოდნელი შედეგი?

ამ კითხვაზე პასუხი მთელს ბრიტანეთს აინტერესებს, მაგრამ ჩავარდნის მიზეზს ვერავის ხსნის. ზოგი რას მიაწერს ჩვენს უხეირო თამაშს, ზოგიც რას… გუნდში კი ყველაფერს უიღბლობას ვუკავშირებთ. სტუმრად ევერტონთანაც თითქოს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ არც იქ გაგვიმართლა და მეტოქემ მატჩის ბოლოსკენ პენალტით გაგვითანაბრა. ვნახოთ, იქნებ, სწორედ ამ მატჩის შემდეგ იწყება ჩვენი აღმასვლა.

გუნდში ყველაზე ახლოს ვისთან ხართ, ვისთან მეგობრობთ?

მეგობრობით ყველასთან ვმეგობრობ, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ესპანელ ანდრე ერერას დავუახლოვდი. თანატოლები ვართ და ბევრს ცხოვრებისეულ საკითხს ერთი თვალით ვუყურებთ. ერერას გარდა კი თბილი ურთიერთობა მაქვს ბასტიან შვაინშტაიგერთან, რაც უნდა იყოს გერმანიაში ერთმანეთის პირისპირ ბევრჯერ გვითამაშია და ჩვენი ურთიერთობა იქიდან იწყება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან არ ახლობლობთ?

ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მართლაც ერთი სიამოვნებაა მის გვერდით თამაში. ცხადია, კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, ისევე როგორც თითოეულ მანჩესტერელთან, მაგრამ სხვებზე მეტად სწორედ ანდრე ერერას დავუახლოვდი.

თქვენი და უეფას ყოფილი პრეზიდენტის მიშელ პლატინის თანაშემწე იყო. პლატინის, ალბათ, კარგად იცნობთ და იქნებ იცით, აპირებს ის ფეხბურთში დაბრუნებას?

ჩემი და პლატინის თანაშემწე მართლაც იყო, მაგრამ მე ფრანგს საერთოდ არ ვიცნობ და შესაბამისად ვერც მის გეგმებზე გეტყვით.

ქართველებს თუ იცნობთ?

სამწუხაროდ არა. მხოლოდ დავით თარგამაძეს და თქვენ… თარგამაძესთან ერთად შახტარში ვვარჯიშობდი, მაგრამ ის მალევე წავიდა გუნდიდან და მას შემდეგ აღარც მინახავს.

მართალია, რომ პოლიგლოტი ხართ?

თავად განსაჯეთ: თავისუფლად ვსაუბრობ რუსულ, ფრანგულ, გერმანულ პორტუგალიურ, ინგლისურ და ცხადია, მშობლიურ ენებზე…

ფრანგული, რუსული, გერმანული და ინგლისური გასაგებია, მაგრამ პორტუგალიური სად ისწავლეთ?

ბავშვობაში რამდენიმე თვე ბრაზილიურ სან პაულოში ვვარჯიშობდი და იქ ვისწავლე. უცხო ენების სწრაფად ათვისების უნარი მაქვს.

ვიცით, რომ ჭადრაკის დიდი მოყვარული ხართ.

დიახ, ჭადრაკი მიყვარს და თავისუფალ დროს ხშირად კომპიუტერს ვეთამაშები ხოლმე…

მოგებული რომელია?

ყოველთვის წაგებულიც არ გამოვდივარ. სამწუხაროდ კლუბში ჭადრაკის მოყვარული ვერავინ ვნახე, ამიტომაც კომპიუტერთან თამაშით ვერთობი.

კობა ინასარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები