LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონალური მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს – მამუკა ბახტაძე

130

“სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას,”- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის კომპონენტი და გადავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

“მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით.

დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს რეგიონებში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი ინიციატივების განხორციელებისკენ, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარების ქვეშ, რომ ჩვენ გვქონდეს უკუკავშირი და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ სოზარ ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სოზარ სუბარი მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად მუშაობდა, მანამდე კი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა. განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა, მიგრაცია შსს-მ შეითავსა, სოციალურ პოლიტიკა კი, ჯანდაცვის სამინისტრომ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას სოზარ სუბარი 2014 წლის 26 ივლისიდან იკავებდა. მანამდე, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრად დაინიშნა.

2004-2009 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები