LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური ფილტრებით ხომ არ ვისუნთქებთ?! რომელი უბნებია ყველაზე მეტად მტვრიანი

244

ჰაერში მტვრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აპრილის თვეში წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა და ის დასაშვებ ნორმას 1.8-ჯერ აღემატებოდა. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე იყო ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის შემცვლელობის გადაჭარბებაც. ამის მიზეზად გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის სიმრავლეს ასახელებენ. ჰაერის შემადგენლობის განსასაზღვრად სპეციალური მთვლელი დედაქალაქის მასშტაბით სამ წერტილშია დამონტაჟებული. წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებსა და ასევე, ვარკეთილში. ექსპერტები გარემოს დაცვის საკითხებში  დედაქალაქის მერიას ურჩევენ, მტვრისგან ჰაერის გასაწმენდად ქუჩების მორწყვა დაიწყონ. ეს აუცილებელი განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია.

აპრილის თვეში წერეთლის გამზირზე ავტომატურ სადგურზე ჰაერის დაბინძურების გაზომვის შედეგად გაირკვა, რომ აზოტის დიოქსიდის საშუალო თვიური კონცეტრაცია 1.4-ჯერ აღემატებოდა  ნორმას, ხოლო ოზონის შემცვლელობა 1.3 -ჯერ. ვარკეთილში, ოზონის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებს 2.2.-ჯერ აღემატებოდა. ყაზბეგის გამზირზე კი ოზონის კონცენტრირება 1.8-ჯერ მაღალი იყო.

 

მთავარი დამნაშავე ავტოტრანსპორტია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ ბაგრატიას განცხადებით, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტია.

„ავტოპარკის  გამოსასწორება და ტექდათვალირების შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ისეთ ქუჩებზე, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების შემცვლელობით ჰაერი უფრო დაბინძურებულია. თუმცა, გასულ წელს წინა წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცვლელობა 5 ჯერ შემცირდა, რაც საწვავის ხარისხის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ და მასზე სტანდარტების დაწესებამ გამოიწვია,“ – აღნიშნა ბაგრატიამ.

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები თამუნა კაპანაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად ჰაერის დაბინძურების კვლევის შედეგებისა, მისთვის ეს ნაკლებად შესამჩნევია. თუმცა, მისი შეფასებით, ვარკეთილის მეტროსთან, სადაც ავტომანქანების სიმრავლეა ჰაერი შედარებით მძიმეა. იმავეს აცხადებს წერეთლის გამზირზე მცხოვრები მაია შელიაც. მისი თქმით, წერეთლის გამზირზე ფაქტობრივად სუნთქვა შეუძლებელია, რადგან გამონაბოლქვითა და მტვრითაა გაჟღენთილი ჰაერი.

 

არ ასეირნოთ ბავშვები

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში ნინო ჩხობაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მტვრის ნაწილაკებისგან ჰაერის გასაწმენდად მნიშვნელოვანია მშენებლობების შეფუთვა და ქუჩების ინტენსიური მორწყვა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში.

„მტვრის ნაწილაკები ძირითადად საწვავიდან გამოიყოფა და ახალი მშენებლობებიდან. ყველა  ახალი მშენებლობა უნდა იყოს დახურული და შეფუთული, შესაბამისად არ გაიფანტება მტვერი ქალაქში. ზაფხულში კი ქუჩებიდან  ანახვეტი არის კიდევ ერთი მტვრის გამოწვევის ფაქტორი. ადამიანები ამისგან დასაცავად ვერაფერს გააკეთებენ. აირწინაღებით ხომ არ ივლიან ქუჩაში?! სპეციალური ფილტრებით ხომ არ ვისუნთქებთ?! ერთადერთი, ფანჯრებს თუ დაკეტავენ და ასე ჰაერიც ვერ შევა მათ ოთახებში.  სადაც შესაძლებელია ყველგან სკვერი უნდა გაკეთდეს, ფოთლები მნიშვნელოვნად იჭერენ მტვერს და ასუფთავებენ ჰაერს“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მოქალაქეებს იმ საათებში, როცა ჰაერში მტვრის კონცეტრაცია ყველაზე მაღალია, ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვების გასეირნებისგან თავის შეკავებას ურჩევს „მწვანე ალტრენტატივის“ წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე.

„ფორტუნა“ დაინტერესდა თუ როდიდან დაიწყება თბილისის ქუჩების მორწყვა. როგორც შპს „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, ცენტრალური ქუჩების მორწყვა 1-ლ ან 2 მაისს დაიწყება და ეს 05:30 საათიდან 08:00 საათამდე ყოველდღიურად მოხდება.

 

ქეთი გიგოლაშვილი