LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცოპერაციისას დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია

62

სპეცოპერაცისას ორი დაკავებულის ადვოკატის გიორგი სიმონიშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფებს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონიათ.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა გიორგი სიმონიშვილმა განუცხადა, ის ორი დაკავებულის ჯემალ ელიავასა და თორნიკე ჩუტკერაშვილის უფლებებს იცავს. მისივე ინფორმაციით, დაკავებულებისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

“მე ორი პირის უფლებებს ვიცავ. ბრალდებულებისთვის პროკურატურას ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გადმოგვცემია არანაირი მტკიცებულება, არ შემიძლია ამ ეტაპზე ვისაუბრო თუ რა გარემოებებია, რა მტკიცებულებებია მათ წინააღმდეგ. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის, რომ ეს პირები მშვიდ ვითარებაში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი დააკავეს “მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე დიღმის ტერიტორიაზე”, – განაცხადა გიორგი სიმონიშვილმა.

მისი თქმით, არ იცის ჯემალ ელიავა კლუბიდან გამოვიდა თუ არა, მაგრამ დანამდვილებით იცის, რომ კლუბში არ მიდიოდა.
“260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით არიან დაკავებულები, რაც გულისხმობს შეძენა-შენახვა-გასაღებას”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი გაჩხრეკეს. “გაჩხრიკეს ავტომობილი, ასევე მისი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ არანაირი ნივთიერი მტკიცებულება არ არის ნაპოვნი არც ავტომობილში, არც მის პირად საცხოვრებელ სახლში”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, არანაირი ნარკოტიკული საშუალება მათ არ ჰქონდათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფები იყენებენ დუმილის უფლებას.

შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები