LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის სასახლის უკან არსებული ტერიტორია მაგალითია, როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი – კახა კალაძე

110

თბილისის მერი კახა კალაძე ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილს, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა დატოვა, გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

როგორც კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ურბანულ სამსახურში შიდა გადაადგილებები განხორციელდა.

“რუსუდან მირზიკაშვილი ჩაიბარებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ცნობილია, რომ გენერალური გეგმის მიხედვით გვიწევს მუშაობა ჩარჩო გეგმებზე. ქალაქში შერჩეულია 11 არეალი, სადაც უნდა მოხდეს ჩარჩო-გეგმების დამუშავება და აღნიშნული არეალები სწორედ ამის მიხედვით განვითარდეს, რათა არ მივიღოთ შედეგები, რაც თბილისის ბევრ რაიონშია. ერთ-ერთი სამაგალითო არის სპორტის სასახლის უკან მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა განავითარო ქალაქი და კონკრეტული ლოკაცია. შესაბამისად, ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

ასევე, კალაძემ ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე საშენი მასალების ღია სივრცეში გაყიდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“სად გაგიგიათ, ქალაქის ცენტრში, ქუჩებზე გამოტანილი საშენი მასალები ღიად ეყაროს?! ზედამხედველობის სამსახურს დავალებული ჰქონდა, რომ ხოშარაულის, აგლაძის, გიორგაძის ქუჩებზე მოეწესრიგებინათ არსებული მდგომარეობა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იქ – ტროტუარებზე გამოტანილი იყო საშენი მასალები, საბურავები და შეუძლებელი იყო ფეხით გადაადგილება. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოძრაობის შეფერხების თვალსაზრისით, ვინაიდან ადამიანები, ვისაც ტროტუარზე უნდა ევლოთ, გადმოდიოდნენ გზის სავალ ნაწილზე და ხდებოდა ავტომობილების გადაადგილების შეფერხება, ავარიებიც. ჩემი დავალების შედეგად ეს ყველაფერი იქნა მოწესრიგებული. დღეს არის იქ აბსოლუტურად გასუფთავებულია ტროტუარები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ,“ – განაცხადა კალაძემ.