LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტაჟირებას აგინაზღაურებენ – ფოთის პორტში ახალი პროექტი დაიწყო

136

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, ადგილობრივი ტალანტის განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადების მიზნით, დაიწყო პროექტი სახელწოდებით – ,,ინპორტი“. როგორც ”ფორტუნას” ფოთის საზღვაო ნავსადგურის მფლობელ კომპანია „ეიპიემ ტერმინალსში” განუცხადეს, პროექტის მთავარი ამოცანაა, ფუნქციური ცოდნის, სწორი მიდგომების, სიახლეების ათვისების უნარისა და პოტენციალის მქონე ტალანტების მოზიდვა და შემდგომი განვითარება.

”აღნიშნული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოწადინებული არიან განვითარდნენ და შეიქმნან წარმატებული კარიერა”, – აღნიშნეს „ეიპიემ ტერმინალსში” .

მათივე ცნობით, პროგრამა 10 ივლისს დაიწყო და 30 ნოემბერს დასრულდება.  როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროგრამის ყოველი დღე დატვირთულია სხვადასხვა საკითხის განხილვებითა, თუ ღონისძიებებით, რომლებიც მიმართულია A.P. Moller-Maersk ჯგუფის ღირებულებებისა და სამუშაო მიდგომების გაცნობის, განხილვისა და გათავისებისაკენ.

”რამდენიმეკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ, რომელიც ძირითადად ორგანიზაციული და მმართველობითი უნარების გამომუშავება – განმტკიცებას ემსახურება, პროგრამით გათვალისწინებულია მონაწილეების ჩართულობა სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობაში, რაც მათ საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ გააზრებული კარიერული გადაწყვეტილება”, – განაცხადეს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მფლობელ კომპანიაში.

მათივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს კომპანიის სამომავლო გეგმის განხორციელებასა და საზოგადოების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში, წარმატებული ტალანტების აღმოჩენის კუთხით გათვალისწინებულია თანამშრომლობა საქართველოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალსმა“საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში შეისყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები