LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტარბაქსი თუ ქართული ყავის ამბიციური გეგმები

ქართული ყავის ისტორია იწყება

 

–გიყვართ ყავა?

–კი ძალიან

–რომელი?

–კაპუჩინო

–ანუ თქვენ შაქარი და რძე გიყვართ და არა ყავა. ყავის ბიზნესში ამბობენ, რომ ყავა თუ რძესა და შაქარს ითხოვს, კარგი ყავა აღარ არის. ამის გარდა, კაპუჩინოს 12 საათამდე სვამენ. საღამოს კი უკოფეინო ყავა შეგიძლიათ მიირთვათ.

 

ყავა…ყავა და ვაკე, ყავა და თბილისი ერთმანეთთან ასოცირდება. თუმცა ვაკეშიც კი ყავაზე ბევრი ნამდვილად არ იციან.

ყავის სამშობლო საქართველო ნამდვილად არ არის, მაგრამ მალე ამ პროდუქტს უფრო მეტად დავუკავშირდებით და არჩევანიც გაგვეზრდება.

 

გემრიელი, ხარისხიანი ყავა კაფსულებში, მალე საქართველოშიც დამზადდება.

საქართველოში „კაფსულო“ ყავის კაფსულების საწარმოს ქმნის – კაფსულო 22 მილიონიან ინვესტიციას, 100–მდე დასაქმებულ ადამიანს, ამ სფეროს პოპულარიზაციას, პროფესიონალებს ტრენინგებს, მოყვარულებს შოურუმს, ხოლო მომხმარებლებს ხარისხიან ყავას ჰპირდება.

როგორც ამ პროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, ბიზნესმენმა ბაჩო გურგენიძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, ყავის საწარმოს იდეაზე მუშაობა, ერთი წლის წინ დაიწყო.

„ორ ბიზნესმენს ასეთი იდეა მოგვივიდა, ერთი წელია ამ საკითხზე ვმუშაობთ. შევიმუშავეთ გეგმა, შევისწავლეთ ბაზარი და უკვე მშენებლობაც დავიწყეთ, რომელიც 24 თუ არა 23 საათი მაინც მიმდინარეობს“, – განაცხადა გურგენიძემ „ფორტუნასთან“.

საწარმოსთვის უახლესი დანადგარები უკვე შეკვეთილია. სპეციალისტების გადამზადებაც მიმდინარეობს და ქარხნის აშენების შემდეგ, ტესტირებები დაიწყება.

როგორც ბაჩო გურგენიძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, კომპანია საუკეთესო გემოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს. ნედლეულის მისაღებად კი რამდენიმე პლანტაცია უკვე შერჩეულია.

მისივე თქმით, კომპანიის მთავარი ნიშა ხარისხი იქნება.

„გვექნება ისეთი გემოებიც, რომლებიც ხალხს უკვე უყვარს, ასევე ვეძებთ ისეთებს, რომლებიც აუცილებლად შეუყვარდებათ.

რაც მთავარია, ჩვენი ყავა იქნება ძალიან მაღალი ხარიხსის.

ყავას არ უნდა ჰქონდეს მიწის ან ბალახის გემო, არ უნდა იყოს დამწვარი – მაღალ ტემპერატურაზე მოხალული. ჩვენ გვინდა ყავა, რომელსაც ნაკლები დეფექტი აქვს და ამ ყველაფერს უძლებს“, – განაცხადა ბაჩო გურგენიძემ.

ოქტომბერი საწარმოს გახნის სავარაუდო თარიღია. ბაჩო გურგენიძე ამბობს, რომ ძალიან რთული პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

 

რა არის ყავა კაფსულებში და როგორ მზადდება?

კაფსულების ყავა აპარარატით მზადდება. კაფსულები ვაკუუმის მეშვეობით უზრუნველყოფს  არომატის შენარჩუნებას. შესაბამისი ყავის აპარატების ნესპრესოს (nespresso) გამოყენებით კი 5-10 წამში სახლისა და ოფისის პირობებში მიიღება უმაღლესი ხარისხის ყავა.

 

კაფსულო სტარბაქსთან არ ითანამშრომლებს!

კაფსულოს სტარბაქსთან არნაირი კავშირი არ ექნება ამას ბიზნესმენი ხაზგასმით აღნიშნავს.

„სტარბაქსი არის კაფეების ქსელი. ის თავის ყავას აწარმოებს, რომელსაც ძირითადად თავისსავე კაფეებში ყიდის. ჩვენ გვინდა რომ ყავა გამოვუშვათ და გამოვუშვათ ის კაფსულებში. სტარბაქსსაც აქვს კაფსულის ყავა, მაგრამ ამაზე ისინი ძირითადად ფოკუსს არ აკეთებენ. ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. სიმართლე გითხრათ ძალიან გაგვიკვირდა როცა სტარბაქსთან დაგვაკავშირეს“, – განაცხადა გურგენიძემ.

 

საწარმოს+შოურუმი და უამრავი სიახლე

საქართველოში მომხმარებლების 95% ხსნად ან ე.წ. ნალექიან ყავას სვამს. ეს ყავები მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. თუმცა, არის რამდენიმე ევროპული კომპანია, რომელსაც საკმაოდ ხარისხიანი ყავა შემოაქვს ქვეყანაში. თუმცა, კარგი ყავას მომზადებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„შეიძლება კარგი ყავა თბილისში დალიოთ, თუმცა ბევრგან ამას ვერ მოახერხებთ. გარდა იმისა, რომ ხარისხიანი ყავის ნაკლებობაა, კარგ ყავას ადვილად აფუჭებს ცუდი ბარისტა. ნებისმიერი კარგი ყავა, ძალიან მარტივად ფუჭდება“, – გაანცხადა გურგენიძემ.

სწორედ ამიტომ, საწარმოში იქნება ლაბორატორია და შოურუმიც, სადაც ჩატარდება ტრეინინგები პროფესიონალებისთვის, გაიმართება დემონსტრაცია–დეგუსტაციები.

დეკაფეინო ყავასთან ერთად, ქარხანაში 5–6 ბლენდი იქნება წარმოდგენილი.

გახსნიდან ერთი წლის შემდეგ “კაფსულო” საკუთარი პროდუქციის აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

 

კაფსულოს შექმნაში წვლილი სახელმწიფოსაც მიუძღვის

შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 000 000 ლარს შეადგენს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  შპს „კაფსულოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.

 

საზიანო თუ სასარგებლო?

ამ სასმელის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე დღემდე კამათსა და უთანხმოებას იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ ცალსახად, იგი არც სასარგებლოა და არც საზიანო. თუმცა სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად ხარისხიან ყავას სვამთ.

–გიყვართ ყავა?

–კი ძალიან

– მოყვარულებს სულ სამ რამ გჭირდებათ

– ??

– ხარისხი, გემო და ზომიერება

– და კაფსულო რას გვპირდება?

– სწორედ ამას: ერთჯერადი ყავის ნაცვლად სამსახურში ქართული ბრენდის სხვადასხვა ბლენდებს დააგემოვნებთ და ეს ყველაფერი შაქრისა და რძის გარეშეც გემრიელი იქნება…

– თქვენ გიყვართ ყავა?..

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები