LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტილის გაკვეთილები ეკა მამალაძისგან – „ნანიმ გაბედა ამის ჩაცმა…“

421

ეკა მამალაძე იმ ოჯახის წარმომადგენელია, სადაც სიტყვა სტილის მნიშვნელობა საუკეთესოდ ესმით. ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის სცენაზე გამოჩენისას მოდის მოყვარულებს მუდამ აინტერესებთ, ამჯერად როგორი სამოსით წარდგებიან ისინი მაყურებლის წინაშე.

ეკა მამალაძეს გიორგი შაღაშვილის ატელიეში შევხვდით და სტილისა და მოდის შესახებ ვესაუბრეთ.

რა კრიტერიუმი გაქვთ, როცა ქართველ დიზაინერს არჩევთ?

ქართველ დიზაინერებს შორის რამდენიმე რჩეული მყავს, მათ შორისაა გიორგი შაღაშვილი. ყველა დიზაინერს თავისი სტილი აქვს, თუკი ვხვდები, რომ შემიძლია, მათი ნამუშევრებიდან ჩემი რაღაც ვიპოვო, აუცილებლად ვთანამშრომლობ.

ბრენდებზე გართულება არ მაქვს. რასაკვირველია, ხარისხიანი ჩაცმა ბრენდების ქონასაც გულისხმობს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი დიზაინერების ნამუშევრები არანაკლებია. მეც და დედაჩემსაც ხშირად გვაცვია ქართული სამოსი.

1ძალიან ხშირად მაცვია გიორგი შაღაშვილის სამოსი. მშვიდად ვარ, ზუსტად ვიცი, აქ რომ მოვიდე, კარგი ჩაცმული ვიქნები – ყოველდღიურად თუ სასცენოდ. ძალიან მომწონს მისი პალტოები და ქურთუკები.

შავის სიყვარულშიც ემთხვევა თქვენი გემოვნება…

ცნობილი ამბავია, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს შავი ფერი. არც მე ვარ გამონაკლისი, ნამდვილად მდიდრული ფერია.

გამოსასვლელად რას ანიჭებთ უპირატესობას? კაბებს?

ასე გადაწყვეტით ვერ გეტყვით. ძალიან მიყვარს პიჯაკები და შარვლები. ადამიანი მაინც უნდა მიხვდეს, რა არის მისი სტილი. ეს არის მთავარი, მერე ყველაფერს მოახერხებ.

როგორ უნდა იპოვოს ქალმა საკუთარი სტილი?

საკმაოდ რთული ამბავია – თვალიც უნდა გქონდეს, გამოცდილებაც, თვითშეფასების უნარიც. მნიშვნელოვანია აზრის კითხვა. დედაჩემისგან ვისწავლე, რომ ყოველთვის ეკითხება აზრს მათ, ვისაც კარგი თვალი და გემოვნება აქვს. ჩემს ასაკს კი არ ვუსვამ ხაზს, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცი, როგორია ჩემი სტილი. ვიცი, რომ არ მიხდება და არასდროს ჩავიცვამ ძალიან ფართო სამოსს. რაც უფრო ვიწრო და გამოყვანილია სამოსი, ოღონდ არა კაბა, პიჯაკი, ის უფრო მიხდება. ასეთი ეკა უფრო მირჩევნია (იღიმის).


7ჩაცმისას შეცდომა დაგიშვიათ?

როგორ არა? შეცდომა ყველას მოსდის. ზოგჯერ მინახავს საკუთარი თავი ეკრანზე და მიფიქრია, დედა, ეს რამ ჩამაცვა-მეთქი… წლების მატებასთან ერთად იხვეწები. თან, სულ ვფიქრობ. დრო ბევრ რამეს ცვლის. მნიშვნელოვანია, როგორ მიჰყვები მოდის მიმდინარეობებს, ტენდენციებს.

სულ ვახსენებ ნანის, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა, ნანი იმიტომაა შინაგანად ახალგაზრდა, რომ სიახლეებს სულ მიჰყვება. ჩვენ ხელოვნების სფეროში ვართ და სიახლეების არ გვეშინია, არც ჩაცმაში.

ნანისთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპი – წითელი კაბა… შარშანდელ კონცერტზე მოიფიქრა, რატომ წითელი და არა ყვითელიო? და მოირგო ყვითელი კაბა, გაბედა მისი ჩაცმა, თანაც ზამთარში, თითქოს არაფერ შუაში არ იყო. სხვათა შორის, მისმა თაობამ ვერ გაიგო და აღნიშნეს – რა იყო ეს, რა ეცვა ნანისო?!. როცა ფეხს ადევნებ სიახლეებს, მოგზაურობ, ეცნობი ახალ ტენდენციებს, შენთვის ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ჩვეულებრივი ამბავია.

რა არის ის, რასაც არასდროს ჩაიცვამთ?
2ვერ ჩავიცვამ ძალიან მოტკეცილ შარვალს. დედაჩემი სულ რაღაცას მისწორებს. მეუბნება ხოლმე, ეს დაიფარე, ეს არ გამოაჩინოო. ვბრაზდები, მაგრამ ვითვალისწინებ მის აზრს. როცა ვეუბნები, წონიან ქალებსაც ხომ აცვიათ ასეთი შარვლები-მეთქი, მპასუხობს – მე მომწონს, როცა დეფექტები დამალულია და სილამაზე წარმოჩენილიო (იღიმის). ნანი სულ გვისწორებს რაღაცებს…

როცა დიზაინერთან მიდიხართ, თქვენი იდეები გაქვთ თუ მათგან ელოდებით შეთავაზებებს?

დიზაინერი იმისთვისაა, რომ თავად შემოგთავაზოს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი იდეა არ მქონია, მაგრამ მირჩევნია, იდეა დიზაინერმა შემომთავაზოს. ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ ზუსტად იცის, რა უნდა, მიდის ატელიეში და აკერინებს. მე – ნაკლებად ვიქცევი ასე, მქონია შემთხვევა, როცა ერთად მოგვიფიქრებია, მაგრამ იშვიათად.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები