LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტინგის თბილისური ვოიაჟის კულუარები – გასეირნება ქუჩებში, ვიზიტი აბანოებში და ბევრი სხვა…

188

სტინგისა და კრის ბოტის ორდღიანმა კონცერტმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მელომანებისა თუ უბრალოდ, გლამურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა სრული მობილიზაცია გამოიწვია. ბოტისა და სტინგის პროექტი, რომელიც ორსაათნახევარს გრძელდება, მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა. ცნობილი მესაყვირისა და ბრწყინვალე მუსიკოსის მეგობრობა და ტანდემი ოც წელიწადს ითვლის. ისინი ახლა ერთობლივ ტურნეში არიან, სადაც საქართველოც შევიდა. მეგავარსკვლავები Solo-ს ინიციატივით ესტუმრნენ თბილისს და მისი მომხმარებლებისთვის გამართეს კონცერტები. პროდაქშენს მომსახურება “ისტერნ პრომოუშენმა” გაუწია

 

1801227_956647474412843_2070778112352514676_oკონცერტზე დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია. შესანიშნავი მუსიკოსების გამოსვლას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. კრის ბოტიმ გია ყანჩელის 80 წლის იუბილე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, „ყვითელი ფოთლების“ შესრულებით აღნიშნა, რასაც დარბაზში ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. აღარაფერს ვიტყვით თავად მესაყვირის პროფესიონალიზმსა და იმ პროგრამაზე, რომელიც თბილისელი მაყურებლის წინაშე წარადგინა. პიანისტი ჯეფრი კიზერი საქართველოში 16 წლის ასაკში, 1989 წელს გახლდათ ნამყოფი და მისთვის ეს ვიზიტი ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. დრამერმა, ლი პირსონმა მელომანების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია რამდენიმე სოლოთი, რომლებიც საღამოს განმავლობაში ჰქონდა, კრის ბოტისთან და კეროლაინ კემპბელთან ერთად, ცნობილი კომპოზიცია „Time To Say Goodbye“ კვლავ ქართველმა ტენორმა, ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულა…

ამის შემდეგ კრის ბოტიმ სცენაზე სტინგი მოიხმო… შეუძლებელია იმის აღწერა, რაც დარბაზში ხდებოდა. როგორც შევიტყვეთ, წინასწარ კონტრაქტით იყო გაწერილი, თუ რამდენი სიმღერა უნდა შესრულებულიყო. 16-16 ნომერი ორივე მუსიკოსისგან. სტინგმა თითქმის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომელსაც მისგან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ველოდით და ბისზეც გამოვიდა.

12792177_956648037746120_9040485720679536458_oრა ხდებოდა სცენის მიღმა? „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიური დეტალები გახდა ცნობილი. როგორც შევიტყვეთ, ყველა ის ტექნიკური პირობა, რომელიც სტინგის მენეჯმენტმა მოითხოვა, სრულად დაკმაყოფილდა. პირველი კონცერტის შემდეგ, სცენიდან კულისებში გასულმა მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილი დარჩა დარბაზით, აკუსტიკითა და საუნდით, ასევე ძალიან მოეწონა კულისები. სხვათა შორის, მუსიკოსების გამასპინძლება საკუთარ თავზე „რედისონმა“ და „ელვისმა“ აიღეს. სამზარეულოში ნაკლებად, მაგრამ მაინც შედიოდა ქართული კერძები.

კრის ბოტის ინიციატივით, ისიც და სხვა მუსიკოსებიც, მათ შორის, სტინგიც, სასტუმრო „რუმსში“ დაბინავდნენ, სადაც ბოტი ადრეც გახლდათ ნამყოფი. სტინგის მენეჯმენტს წესით, ბრენდული სასტუმრო უნდა მოეთხოვა და ასეც იქნებოდა, მაგრამ ბევრი რამ საკუთარ თავზე ახლა უკვე საქართველოს ელჩად წოდებულმა ბოტიმ აიღო, მათ შორის, იმ ადგილების შერჩევაც, სადაც თავისი დიდი ხნის მეგობრის წაყვანა სურდა. მათ საკმაო დრო ჰქონდათ, ასე რომ, პროგრამა შედგა.


12792219_956647937746130_3464708058097684713_oპირველი კონცერტის მეორე დილას, სტინგმა, კრის ბოტიმ, „ისტერნ პრომოუშენის“ წარმომადგენელმა, ნიკუშა კანდელაკმა და ბოტის ქართველმა მეგობარმა, სერგი ნაკაიძემ, რუსთაველზე, ლესელიძესა და შარდენზე ფეხით გაისეირნეს. რასაკვირველია, მათ ახლდათ დაცვა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მათთან არავინ მისულა, როგორც ჩანს, ვერ იცნეს, ან უბრალოდ, ვერ წარმოიდგინეს, რომ მუსიკოსები თბილისის ქუჩებში დაიწყებდნენ სეირნობას. მოგვიანებით, თავად სტინგის „ინსტაგრამზე“ გამოჩნდა ფოტო, რომელიც ამ სეირნობას ასახავს.

მეორე კონცერტის შემდეგ სტინგმა და კრის ბოტიმ ისევ შარდენზე გადაინაცვლეს, იყვნენ რამდენიმე კლუბში, ასევე შეიარეს „ბუდა ბარში“, სადაც სერგი ნაკაიძე დაბადების დღეს აღნიშნავდა, თუმცა იქაურობა მალევე დატოვეს, ვინაიდან სტინგი სიგარეტის კვამლს ერიდება მაშინ, როდესაც კონცერტები აქვს.

„რუმსმა“ მუსიკოსებს შესანიშნავ მასპინძლობა გაუწია, ისინი სასტუმროს სამზარეულოთიც მოიხიბლნენ. გაიმართა ბანკეტი, სადაც მოულოდნელად სუფრის წევრებს ჩოხებში ჩაცმული „ქართული ხმების“ წევრები გამოეცხადნენ. მათ ერთი სიმღერა უნდა შეესრულებინათ, თუმცა სტინგის თხოვნით, რამდენიმე სიმღერა შეასრულეს, შემდეგ მუსიკოსმა მათთან სურათის გადაღების სურვილი გამოთქვა და აღფრთოვანებული დარჩა ქართველების შესრულებით…

10683527_956647537746170_4588627033595787064_oკიდევ ერთი დეტალი – ბათუმში ყოფნისას, სასტუმროში სტინგმა ჰამამის მომსახურებით ისარგებლა და იკითხა, თუ იყო იგივე რამ თბილისშიც. მას გოგორდის წყლების შესახებ მოკლე „ლექცია“ ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის აბანოთუბანში აბანოებს ესტუმრა და იმდენად მოეწონა, რომ დღეს დილიდან, გამგზავრებამდე ისევ აბანოებში გახლდათ.

ის თბილისს შუადღეს დატოვებს და როგორც გვითხრეს, ძალიან კმაყოფილი მიდის საქართველოს დედაქალაქიდან. ამ დონის მუსიკოსის კომპლიმენტები კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგში მისი რანგის არტისტები ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ხალისითა და ინტერესით ჩამოვიდნენ…

ნინო მურღულია

 

12801207_10153986176162679_8517532792771105555_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები