LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღება დღეიდან შეეძლება

87

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დღეიდან სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს. პრეპარატების ღირებულების სუბსიდირებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე  ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგების პროცესს  გორში მდებარე ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში გაეცნენ.

სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე  180 ლარს შეადგენს. დახმარებას მიიღებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები დაუზიანდა 1-16 მაისის სეტყვის შედეგად. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.

სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას  შესაძლებლობა აქვს  ჩაატაროს  დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები. ფერმერებს  პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი.

მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო  ზარალის რისკების შემცირების მიზნით, მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% – იან თანადაფინანსებას  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები