LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2-ის“ საქმეში ჩართვაზე 2 ორგანიზაციის თხოვნა დააკმაყოფილა

40

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „რუსთავი 2-ის“ საქმეში სასამართლო მეგობრის სტატუსით (მესამე მხარედ) მათივე თხოვნის საფუძველზე, ჩართო.

„სასამართლომ მათი თხოვნა დააკმაყოფილა იმ პირობით, რომ ომბუდსმენისა და საიას მიერ წარსადგენი მოსაზრებები არ უნდა ეხებოდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შემოფარგლა მხოლოდ იმ საკითხებით, რომლებზეც პოზიციის გამოხატვა თავად ითხოვეს. კერძოდ, ომბუდსმენი და საია პოზიციას არც ერთი მხარის სახელით არ წარადგენენ.  სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში პოზიციას წარადგენს საქმის მნიშვნელობის თაობაზე, ხოლო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია − სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზს და მოსამართლეზე საქმის განაწილების კუთხით მოსაზრებებს საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს პრაქტიკის გათვალისწინებით.

მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოდან მიიღებს ომბუდსმენისა და საიას პოზიციას, საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს სასამართლო მეგობრის (მესამე მხარის) მიერ წარდგენილ საკითხებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2-ის“ საქმეზე პოზიცია საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ ვადებში − 28 მარტს წარუდგინა.

სამინისტროს განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მეგობრის სტატუსით (მესამე მხარე) ჩართვის მოთხოვნით მიმართეს სხვა  ორგანიზაციებმაც საქართველოდან, თუმცა მათ სასამართლომ უარი უთხრა და მხოლოდ სახალხო დამცველისა და საიას თხოვნა დააკმაყოფილა. საქმეში ჩართვაზე უარი ეთქვათ შემდეგ ორგანიზაციებს: ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას, მედიის განვითარების ფონდს, საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI), ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტს.

იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის სტრასბურგის სასამართლოს პრეროგატივა და პატივს სცემენ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტიტუტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები