LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სოციალური ბიზნესიდეები წარმოადგინონ

75

პროგრამა Social Impact Award-ის ფარგლებში დღეიდან ღიაა სააპლიკაციო ონლაინ პლატფორმა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით წარადგინონ. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 28 აპრილი.

როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi-სა და ევროპის ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, წელს პროგრამას საქართველოც უერთდება. SIA-ს პარტნიორია ”საქართველოს ბანკი”.

”საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და არაერთი აქტივობა განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით. ბანკი არის აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი, რადგან სტუდენტური პროგრამა Social Impact Award ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შეირჩეს და განხორციელდეს, ახალი პროექტები, სწორედ სოციალური მოეწარმეობის კუთხით”, – აცხადებენ ბანკში.

მათივე ცნობით, პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისსა და თელავში ყველა მსურველისათვის 12 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და მომდევნო ინკუბაციისთვის რვა ფინალისტ გუნდს შეარჩევს. პროგრამის დასასრულ, სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს ევროპის სამიტს ბელგრადში (სერბეთი). გარდა ამისა, ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს ევროპის ფონდი, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებლობას მისცემს გრანტის სახით მოიპოვოს დამატებით 20,000 ლარი, უშუალოდ პროექტის განსახორციელებლად.

„Impact Hub Tbilisi-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური მეწარმეობის პოპულარიაზაცია და ამ სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლება საქართველოში. პროგრამის ფარგლებში გამართულ ვორქშოფებზე 200-ზე მეტმა სტუდენტმა იმუშავა საკუთარი სოციალური ბიზნესიდეის განვითარებაზე, იმედია პროგრამის შედეგად ბევრ მდგრად სოციალურ საწარმოს ვიხილავთ.“ – აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები