LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუიციდის თამაშები“ და საშიში ონლაინსივრცე – ვინ დაიცავს მოზარდებს?

„სიკვდილის თამაშები“ ინტერნეტ თამაში, რომლის დავალებებიც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს ჰგავს, გასართობი სულაც არ არის, თამაშის მთავარი მიზანი 50 დღის განმავლობაში თინეიჯერის „გაწვრთნა“ და სუიციდამდე მიყვანაა. თამაშის ორგანიზატორი მოზარდს facebook-ის საშუალებით უკავშირდება, 50 დღის განმავლობაში სხვადასხვა დავალებას აძლევს, მთავარი საფინალო დავალება კი თავის მოკვლაა. 

მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე მოზარდის მიერ ჩადენილი სუიციდი  საზოგადოებამ სწორედ აღნიშნულ თამაშს დაუკავშირა და საქმეში გამოძიებაც ჩაერთო. მაშინ სასიკვდილო თამაშის შესახებ „ფორტუნაც“ დეტალურად წერდა.  

კიდევ ერთ, ახალFacebook- თამაშზე Dailymail წერს, თამაში  თინეიჯერებს მოუწოდებს, სახლიდან წავიდნენ და ორი დღით „უგზოუკვლოდ დაიკარგონ“.  თამაშიც წესების მიხედვით, მათ ორი დღით სახლი უნდა დატოვონ, ახლობლებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტონ, გაუჩინარდნენ.  თამაშში ჯერჯერობით მხოლოდ ბრიტანელი მოზარდები არიან ჩართული.

 

გამოძიების შედეგი

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში “ლურჯი ვეშაპის” არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა,“ – შსს-ს ამ განცხადებას  მშობელთა ნაწილი უნდობლობას უცხადებს.

14 წლის ნიკა პავლიაშვილის მამა  ფიქრობს,  რომ მისი შვილი საშიშ ინტერნეტ თამაშში იყო ჩართული.  14 წლის მოზარდი მე-14 სართულიდან ორი თვის წინ გადმოხტა, მოზარდის სხეულზე ნაჩხვლეტი ჭრილობები ოჯახს აფიქრებინებს, რომ შვილი „ონლაინგეიმის“ მსხვერპლი გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში გარდაცვლილის მამა  სხვა მოზარდების დასაცავად გამოძიებას მეტი ეფექტურობისკენ მოუწოდებს.

გამოძიება „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებით, შსს-ს  კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში მიმდინარე წლის 30 მაისიდან დაიწყო, პოლიცია  ონლაინ თამაშის – „ლურჯი ვეშაპის“ შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს იძიებდა. 

როგორც შსს-ს ოფიციალურ დასკვნაშია ნათქვამი,  „გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ „ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. სკოლებში მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ“.

სამართალდამცველებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოჰკითხეს, პროცესში ჩართული იყვნენ ფსიქოლოგებიც. მოხდა  არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერებაც.  მიუხედავად ჩატარებული სამძებრო სამუშაოებისა, პოლიცია „ახალგაზრდა თვითმკვლელთა კლუბის“ კვალზე ვერ გავიდა.

 

ღია ინტერნეტი და დაუცველი მოზარდები

შსს-სგან განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ინტერნეტში“.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თინათინ ყირიმლიშვილი, „ფორტუნასთან“ ამბობს,  რომ საშიშ ონლაინ თამაშში საქართველოში არაერთი მოზარდია ჩართული და ინფორმაცია ბავშვებისა და მშობლების მეშვეობით ვრცელდება. 

„შსს-ს თამაშში ბავშვების ჩართულობას არ ადასტურებს, თუმცა მშობლებისა და ბავშვებისგან ხშირად გვსმენია,  რომ მათი ნაცნობები, მეგობრები არიან თამაშში ჩართული. ველოდებით  გამოძიების საბოლოო დასკვნას. შესაძლოა, სწორედ ძიების საბოლოო ეტაპზე გამოვლინდეს ხელჩასაჭიდი ფაქტები,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ყირიმლიშვილი.

ორგანიზაციაში ინტერნეტ სივრცის რეგულაციის და პროგრამული ფილტრების შემოღების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ასაკობრივ კატეგორიებად დაყოფილი ფილტრების საშუალებით, მშობელი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ინტერნეტ კონტენტის ხელმისაწვდომობას თავად განსაზღვრავს. საკანონმდებლო ინიციატივით,  რომლის შემუშავებაშიც იურისტები და ფსიქოლოგები არიან ჩართული, ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს. 

 

თამუნა გოგუაძე