LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულხან მოლაშვილის ოჯახს სახელმწიფოსთვის 2004 წელს უსასყიდლოდ გადაცემული ქონება უკან დაუბრუნეს

132

პროკურატურის გადაწყვეტილებით სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს ასევე უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება.

პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით,
2004 წლის 23 აპრილს, პროკურატურამ მოლაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ამას გარდა,  2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას – თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს  წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.

ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას,  ბანკიდან აიღეს სესხი და 2004 წლის 14 ივლისს,  140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. ამის მიუხედავად, მოლაშვილი არ გაუთავისუფლებიათ.

2006 წელს, მოქალაქე გია ოქრუაშვილმა თავისი მეგობრის, ვახტანგ მესხის დახმარებით  კანონიერად შეიძინა ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

2010 წლის 01 დეკემბერს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ იქნა ვახტანგ მესხი, რომელსაც პროკურატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯარიმის სახით გადაიხდიდა 50 000 ლარს და მისი მეგობარი გია ოქრუაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობდა შეძენილ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი.

პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გია ოქრუაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მისი კუთვნილი 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის  შემდეგაც, მის მეგობარს ვახტანგ მესხს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.

2011 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებული ჰყავდა  შპს ,,აკვარიუმი“-ს დირექტორი გიორგი ღონღაძე. გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაი“-ს მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე  პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს თამთა ბახტურიძეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ,,ჰიუნდაის“ მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს  ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ა/მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები