LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სურს შიგნიდან ააფეთქოს იუსტიციის საბჭო” – საბჭოს წევრები ანა დოლიძეს უპირისპირდებიან

34

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პრეზიდენტს უპირისპირდებიან. მიზეზი პრეზიდენტის მიერ საბჭოში წარდგენილი ანა დოლიძის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებია.

უვადო მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა გიორგი გოგინაშვილმა ანა დოლიძის გასაუბრების პროცესიდან აცილება მოითხოვა, რასაც საბჭომ მხარი დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ ანა დოლიძე საბჭოში კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის მისული.

„იგი არის შემოსული კონკრეტული დღის წესრიგით, შიგნიდან, ასე ვთქვათ ააფეთქოს საბჭოს საქმიანობა, ამას ჩვენ მოსამართლე წევრები არ დავუშვებთ. ყველა მისი ასეთი განცხადება იქნება ადეკვატურად პასუხგაცემული. პირველი, რაც უკვე ცხადია, ვინც მოავლინა ალბათ და ვინც დანიშნა, ალბათ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. პრეზიდენტმა მოავლინა. თვითონ მან განაცხადა, რომ როდესაც ქალბატონი ანას წარდგენა იყო, რომ სასამართლო სისტემა რჩება აქილევსის ქუსლად,“ – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებას უპასუხა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა. გიორგი მიქაუტაძემ დოლიძე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში და მისი კოლეგების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის დანიშნული წევრი არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს და ყველანაირად ცდილობს, რომ პოლიტიკური განცხადებებით შეურაცხყოს თავისი კოლეგები. პირველი მოთხოვნა არის ეს, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად ძალიან აქტიური პირი საბჭოში და შედეგების სახეზეა, რომ ცდილობს გააკეთოს მსგავსი განცხადებები,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამ განცხადებას, თავის მხრივ უპასუხა ანა დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ის გაჩუმებას არ აპირებს.

„მე ვწუხვარ, რომ მათ თავის თავზე მიიღეს ჩემი გამოთქმა, რომ სასამართლოს აკონტროლებენ და ცდილობენ, რომ გააკონტროლონ ადეიშვილის ნარჩენებმა. ეს არის თვითონ ყველას განსახილველი, მიიღებს თუ არა ამ განცხადებას თავის თავზე. ჩემი მოწოდება არის შემდეგი, მე არ ვაპირებ ამ საკითხზე დადუმებას, მე ამ სისტემასთან ბრძოლის უდიდესი გამოცდილება მაქვს, აქედან გამომდინარე, ეს არის ფუჭი მცდელობა, რომ დაადუმონ იუსტიციის საბჭოს ის წევრი, რომელიც შეიძლება სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, კრიტიკულ კითხვებს სვამდეს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები