LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი კვება – სწრაფი გზა სიმსუქნისა და დაავადებებისკენ (ვიდეო)

სწრაფი კვება სულ უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ამის მიზეზი ადამიანების გადატვირთული გრაფიკია. ე.წ. „ფასტფუდს“ არ სჭირდება საათობით მომზადება და სამსახურშიც საკმაოდ მოსახერხებელია. გარდა ამისა, სწრაფი კვების ობიექტებში საკვები ბევრად იაფია, ვიდრე კაფე-ბარებში.

ქართული „ფასტფუდი“ მეტწილად  ცომეულისგან შედგება, განსაკუთრებით პოპულარულია  იმერული და ფენოვანი ხაჭაპურები, ლობიანი, კარტოფილის და ხორცის ღვეზელები. უცხოური საკვებიდან შაურმა დამკვიდრდა.

სწრაფი კვების შედეგად სიმსუქნის განვითარება როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არის ქცეული. რაც შეეხება საქართველოს, ცომეულის მომზადების დროს მეორადი ცხიმის და  გაურკვეველი წარმოშობის ხორცის გამოყენება ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ეგრეთ წოდებულ სახაჭაპურებსა და საშაურმეებში კითხვის ნიშნის ქვეშ არის სანიტარული ნორმებიც. საცხობებისა და სახაჭაპურეების შიდა სამზარეულოს გადაღებაზე “ფორტუნა” -ს მეპატრონეები კატეგორიულ უარს გაურკვეველი მიზეზებით ეუბნებოდნენ.  საცხობებში უფრთხიან,  როგორც მომზადების პროცესის ღიად ჩვენებას, ასევე პროდუქტების წარმომავლობაზე საუბარს.

სწრაფი კვების ქართველ მომხმარებელთა შორის ყველა ასაკობრივი კატეგორიაა, თუმცა მსგავსი კვების ობიექტები ძირითადად სკოლებისა და უნივერსიტეტების მახლობლად არის გახსნილი. მომხმარებელთა  უმრავლესობა ინფორმირებულია პროდუქტის მავნებლობის შესახებ,  მაგრამ ცხოვრების რეჟიმის და სიიაფის გამო ამბობენ, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ. არჩევანი თქვენზეა, თუმცა ეცადეთ მოერიდოთ საშიშ და არაჯანსაღ საკვებს.

 

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები