LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაბუკაშვილზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სავალალო მდგომარეობაა – „ჭერის ფრაგმენტები ყოველი წვიმის შემდეგ ცვივა“ (ფოტოგალერეა)

174

ტელეწამყვანი ნუკა ორჯონიკიძე წერს იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ, რომელიც თაბუკაშვილის 46 -ში მის საცხოვრებელ სახლს ეხება. სახლი ავარიულია. როგორც ნუკა აღნიშნავს, ყველა წვიმის შემდეგ სამსართულიანი სახლის სადარბაზოში, რომელსაც ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ჭერიდან ფრაგმენტები ცვივა.

როგორც ნუკამ fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ბოლოს თბილისის მერიაში წერილი ერთი წლის წინ შეიტანეს. თბილისის ვიცემერმა, ლაშა აბაშიძემ თავად დაათვალიერა სახლი და დახმარებას დაჰპირდა – „ლაშა აბაშიძემ გვითხრა, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, მათთვის გამოიყოფოდა თანხა საცხოვრებლის დასაქირავებლად. ქირის ოდენობა შეთანხმდებოდა თითოეულ ოჯახთან ცალკე და ბინის არჩევისას გაითვალისწინებდნენ ჩვენს მოსაზრებებსაც. ისეთ საცხოვრებელს შეარჩევდნენ, რომელიც ცხოვრების წესს რადიკალურად არ შეგვაცვლევინებდა. ჩვენ შემთხვევაში, საუბარი იყო 500-600 დოლარის ქირაზე.

მცირე ხნის შემდეგ მერიიდან მივიღეთ წერილი, სადაც ყველა ოჯახისთვის ერთი და იგივე ქირა იყო მითითებული, 300 ლარის ოდენობით. ძალიან არ მინდა, რომ თავში რაღაც დამეცეს, მაგრამ რვასულიანი ოჯახით სად წავიდე 300 ლარად? მე რომ გადმოვედი ამ სახლში, 10 წლის წინ, უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. ყოველ წელს გასამაგრებლად რკინებს უდგამენ, რომლებიც რამდენიმე თვეში იღუნება, რადგან სახლში 4-მეტრიანი ჭერებია და მძიმე მზიდი კედლები… ამაში ძალიან დიდი თანხები იხარჯება ტყუილუბრალოდ. ეს მესამე კატეგორიის ავარიული სახლია, აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია. კახი კალაძეც გვსტუმრობდა და დაგვპირდა პრობლემის გადაჭრას, მაგრამ ახლა მასთან დაკავშირებას ვეღარ ვახერხებთ. ვფიქრობ, მერიასთან დაკავშირებას აზრი აღარ აქვს. კულტურის სამინისტროშიც შეტანილია წერილი, მაგრამ მათგანაც არ მიგვიღია პასუხი… მეორე-მესამე სართულზე განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა – იმხელა ბზარებია, მეზობლები ერთმანეთს თავისუფლად ელაპარაკებიან, ერთ-ერთ ფანჯარაში ქოლგაა გაჩხერილი, რადგან აღარ იხურება და წვიმის დროს ასე იცავენ თავს…“

თაბუკაშვილის 46-ში მცხოვრებნი კვლავ ცდილობენ ხელისუფლებისთვის ხმის მიწვდენას, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები