LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაში ქველმოქმედებისთვის თუ საარჩევნო მიზნებისთვის – საკითხს აუდიტი სწავლობს

„მომიკითხეთ!“ – ასეთი პასუხი ჰქონდა „ქართული ოცნების“  თბილისის მერობის  კანდიდატს, კახა კალაძეს, არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე, რომლებიც  საქველმოქმედო მატჩში მის მონაწილეობაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის რისკებზე საუბრობდნენ.

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის, განცხადებით, კახა კალაძის ამ კომენტარით გამოჩნდა, რომ თბილისის მერობის კანდიდატს ამ საკითხთან მიმართებაში განსხვავებულ აზრები დიდად არ აინტერესებს და ვერც მის ქმედებაში ხედავს რაიმე დარღვევას.

თუმცა, კალაძისგან განსხვავებით, საკითხით აუდიტის სამსახური დაინტერესდა და მოკვლევაც დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, მოკვლევის შედეგად დადგინდება, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას.

„საარჩევნო კოდექსით“ საქველმოქმედო და საარჩევნო საქმიანობა გამიჯნულია და საქველმოქმედო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა ეკრძალებათ, რადგან, როგორც მიხეილ ბენიძე განმარტავს, ქველმოქმედება შესაძლოა, საარჩევნო მიზნებისთვის იქნას გამოყენებული.

მისივე თქმით, მართალია, ამ შემთხვევაში ღონისძიების ორგანიზატორი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ ყოფილა, მაგრამ აქცია თავის მიზნებით საქველმოქმედო იყო და თავისი არსით წინასაარჩევნო კამპანიას არ შეესაბამებოდა. 

ბენიძე ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკზეც.

„ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ორგანიზატორი იყო ამ ღონისძიების და რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, განაცხადა, რომ აქ არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები დახარჯული, მაგრამ მის ორგანიზებაში ნამდვილად იქნებოდნენ ჩართულნი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სფფ–ში  და იღებენ ხელფასს ბიუჯეტიდან. ადამიანური რესურსიც არის ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს მიხეილ ბენიძე.

საქართველოს კანონმდებლობით, აგიტაციაში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. თუმცა, ღონისძიებაში არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფეხბურთელი იყო ჩართული, რომლებმაც კახა კალაძესთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.

„მაგალითად, ბატონმა შევჩენკომ გააკეთა განცხადება კალაძის მხარდასაჭერი, რომელიც შეიძლება, როგორც აგიტაციად და შესაბამისად, დარღვევად დაკვალიფიცირდეს. თუ წინასაარჩევნო აგიტაცია ძალიან ცალსახა იქნებოდა, მაშინ შესაძლებელია, მთელი ღონისძიება ყოფილიყო წინასაარჩევნო კამპანიის შემოწირულობა.

„იყო თუ არ იყო ეს ღონისძიება შემოწირულობა, ამას სჭირდება ცალკე მსჯელობა შესაბამისი სამსახურების. ჩემი შეფასებით, ძალიან ზღვარზეა ყველა დარღვევის. ინტერპრეტაციის საგანია, რამდენად მკაცრად, ან ფართოდ მოვახდენთ ამა თუ იმ ნორმის ინტერპრეტირებას, როგორ მოხდება ბატონი კალაძის მხარდამჭერი რეპლიკების კვალიფიცირება,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ საქველმოქმედო მატჩის საკითხი, აუდიტის სამსახურის გარდა, შესაძლოა, ცესკო-ს შესწავლის საგანიც გახდეს. ბენიძე აცხადებს, რომ ცესკო-ს შეუძლია, აგიტაციის წესების დარღვევასთან და ადმინისტრაციული რესურსთან დაკავშირებით იმსჯელოს, ხოლო შემოწირულობის შესწავლა აუდიტის სამსახურის პრეროგატივაა.

მისივე თქმით, თავად ღონისძიება მნიშვნელოვან მიზანს ემსახურებოდა, თუმცა, მისი გამართვა არჩევნების შემდეგ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ამ ღონისძიებამ მაინც მიიღო საარჩევნო აგიტაციის სახე. ჩვენ ვნახეთ არაერთი საშუალებით, მათ შორის „ფეისბუკზე“ მის (კალაძის) პირად კამპანიის გვერდზე ვიდეოები და ფოტოები იქნა გაზირებული ამ ფეხბურთელებთან ერთად და არამხოლოდ კალაძე, „ქართული ოცნების“ სხვა სახეებიც დაფიქსირდნენ და გააზიარეს ფოტოები. ამ ფაქტებზე შესაძლოა, იმსჯელონ ცესკომ და აუდიტის სამსახურმა, ასევე უწყებათაშორისმა კომისიამ. მას შეუძლია გამოსცეს ზოგადი რეკომენდაცია და მოუწოდოს კანდიდატებს და პარტიებს, რომ დისტანცირდნენ საქველმოქმედო ღონისძიებებიდან,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ კალაძის მხარდასაჭერ კომენტარებზე ამახვილებენ ყურადღებას საია-შიც და საკითხის ცესკოსა და აუდიტის სამსახურის მხრიდან შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

როგორც „ფორტუნასთან“ საიას პროექტის კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი, აცხადებს, უკანონო აგიტაციისთვის, საარჩევნო კოდექსით, სანქციის სახით, ჯარიმაა გათვალისწინებული. 

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ფედერაცია ღონისძიებისთვის საბიუჯეტო ხარჯების გაწევას უარყოფს, ირმა პავლიაშვილი აცხადებს, რომ საია ამ საკითხს მაინც შეისწავლის.

მისივე თქმით, საბიუჯეტო ხარჯვის გარდა, საყურადღებოა ღონისძიების ორგანიზებაში სფფ-ის მხრიდან ადამიანური რესურსის გამოყენების საკითხიც.

 

„თუ დადგინდება ფაქტი, რომ ამ ფეხბურთელების მიერ მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევის ოქმი უნდა შედგეს, რაც შემდგომ სასამართლოში გადაიგზავნება. აქ კანდიდატზე არ ვსაუბრობთ, თუმცა, თუ კანდიდატისგანაც გამოიკვეთება რაიმე დარღვევა, ეს უკვე შესწავლის საკითხია, აქ უნდა იყოს აგიტაციის რეგულაციების დარღვევა. კონკრეტულად კანდიდატის მხრიდან დარღვევაზე საუბარი გამიჭირდება, ინიციატორი იყო ფეხბურთის ფედერაცია და სავარაუდოდ, ორგანიზატორის მიმართ უნდა გამოიკვეთოს,“ – აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.

რაც შეეხება კალაძის კომენტარს, ირმა პავლიაშვილი აღნიშნავს, რომ  გამოხატვის თავისუფლება და შეფასებების გაკეთების უფლება ყველას აქვს, მთავარია თავიანთი მოქმედებებით კანონმდებლობა დაიცვან.

„ჩვენ მოვუწოდეთ ყველას და არამხოლოდ შესაბამის სამსახურებს, რომ  ფაქტი უნდა შეისწავლონ, არამედ იგივე კანდიდატსაც და ფეხბურთელებს, რომლებიც  ჩართულნი იყვნენ, რომ დაეცვათ საქართველოს კანონმდებლობა და თავიანთი მოქმედებებით პატივი ეცათ მისთვის,“ – აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.

„ფორტუნა“ აღნიშნულ საკითხზე ცესკო-საც დაუკავშირდა, თუმცა, ცესკო-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და უცნობია, დაიწყებს თუ არა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, აუდიტის სამსახურის მსგავსად, რაიმე მოკვლევას.

 

 

თაკო ივანიაძე