LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამრიკო ჭოხონელიძის დღესასწაული შვილებსა და შვილიშვილებთან ერთად (ფოტოგალერეა)

317

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე შვილებთან, მარიამსა და კოკოსთან და შვილიშვილებთან, ელენესა და მარიამთან ერთად სასტუმრო „მერკურში“ გვესტუმრა, „ფორტუნას“ საახალწლო ფოტოსესიაზე. ბავშვებმა ლამაზ ნაძვის ხესთან სიამოვნებით ითამაშეს და სასტუმროს რესტორნის საახალწლო მორთულობაც დაათვალიერეს, შემდეგ კი ოჯახურ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.

ფოტოსესიის გმირებთან საახალწლო ინტერვიუ ჩავწერეთ.

თამრიკო:

პირველ რიგში, ახალი წელი არის ის, რასაც ჰქვია თბილ გარემოში დღესასწაულის შეხვედრა. ჩვენ ერთად ვხვდებით ახალ წელს და თუ ვერ ახერხებენ, მერე მაინც აუცილებლად მოდიან დედას და მამას სახლში.

ახალ წელს სევდითა და სიხარულით ვხვდები ხოლმე, საოცარი განწყობაა. სევდიანი ვარ იმიტომ, რომ ვაცილებ წელს, თავისი კარგითა და ცუდით და ის აღარ დაბრუნდება, სიხარული კი იმას უკავშირდება, რომ ახალ წელს ვუღებთ კარს. ვფიქრობ, ამ დღეს ოჯახის წევრები ერთად უნდა შეიკრიბონ.

კოკო:

თოვლის ბაბუას ყოველთვის ვთხოვთ, ბავშვებს საუკეთესო საჩუქრები მოუტანოს და მათთვის ეს დღესასწაული გასაოცარი იყოს (იღიმის). წელს ჩემმა შვილმა, მარიამმა თოვლის ბაბუას მანქანა სთხოვა.

მარიამი:

შეუძლებელია, ახალი წელი ემოციებით დატვირთული არ იყოს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რატომ, მაგრამ სხვა დღესასწაულები უფრო მიყვარს. თუმცა ახალი წელი მაინც ახალი წელია და სხვა განწყობა მოაქვს, ყველა სიახლეს ველოდებით. სულ ვცდილობთ, ტრადიცია არ დავარღვიოთ და ყველა ერთად შევხვდეთ ახალ წელს. 

თამრიკო:

მეკვლე ყოველთვის მე ვარ (იცინის), ამ პოზიციას არ ვთმობ. თოვლის ბაბუაზე გამახსენდა ამბავი, ჩემმა შვილებმა ერთ წელს გამომიცხადეს, ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობსო. ვიფიქრე, ფინანსურად ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა (იღიმის). მეორე წელიწადს თქვეს, წინაზე შევცდით და თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობსო… ახალ წელს შევხვდით და მერე შემოვედი შინ, ისრებით იყო დახატული, ნაძვის ხემდე მიმიყვანა ამ ისრებმა და დამხვდა ორი წერილი თოვლის ბაბუას, კოკოს პერსონალური კომპიუტერი უსურვებია, მარიამს კი დიდი წერილი დაუწერა, ძალიან მინდა თოჯინა, რომელიც ბავშვს ჰგავს, ვიცი, რომ ძალიან დაღლილი ხარ და თუ მისი შეძენა ვერ მოახერხე, ამ კონვერტში 30 ლარი ჩადე და თავად ვიყიდიო (იცინიან).

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „მერკური“

ვიზაჟი: ანუკა მურვანიძის სკოლა-სტუდია

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები